მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან ყაველაშვილმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ, შესაბამისად, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.
„რაც შეეხება პოზიციას, დუმილის უფლებას იყენებს. უფრო მეტ დეტალს მას შემდეგ გეტყვით, როცა მტკიცებულებები გადმოგვეცემა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ექიმი არ ვარ ზედმიწევნით სწორად შევაფასო მისი მდგომარეობა",- აცხადებს ლევან ყაველაშვილი.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.