ლევან მახაშვილი - ბრიუსელის განცხადებები გაფუჭებულ მაგნიტოფონს ჰგავს, როცა „კასეტა“ ჩაიხვევს და ერთსა და იმავეს იმეორებს - რაც დიდხანს გააგრძელებენ თავზე ნაცრის წაყრას, ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას მით მეტად დაიგრძელებენ

ლევან მახაშვილი - ბრიუსელის განცხადებები გაფუჭებულ მაგნიტოფონს ჰგავს, როცა „კასეტა“ ჩაიხვევს და ერთსა და იმავეს იმეორებს - რაც დიდხანს გააგრძელებენ თავზე ნაცრის წაყრას, ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას მით მეტად დაიგრძელებენ

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 116

ბრიუსელის მხრიდან ეს განცხადებები გაფუჭებულ მაგნიტოფონს ჰგავს, როცა „კასეტა“ ჩაიხვევს და მისი ჩართვა რამდენჯერაც არ უნდა სცადო, განსხვავებულ სიტუაციაში, განსხვავებულ კონტექსტში ერთსა და იმავეს იმეორებს - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ თავზე ნაცრის წაყრას და რადიკალურ ოპოზიციაზე თავზე ხელის გადასმას, ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას მით უფრო მეტად დაიგრძელებენ - არჩევანი მათზეა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება ბრიუსელის მხრიდან თავზე ნაცრის წაყრა.

„დღეს ვისურვებდი, რომ კომენტარი ევროკავშირის ბოდიშზე გამეკეთებინა. ეს ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური სიმწიფის ერთადერთი სწორი გამოვლინება იქნებოდა. ამის ნაცვლად, მე მიწევს ამ განცხადებაზე პასუხი, რაც არის ბრიუსელის მხრიდან თავზე ნაცრის წაყრა. თითქოს, ევროკომისიის პრეს-სპიკერი არ იყო, რომელიც სახელმწიფო დამხობის აქციას მხარს უჭერდა. სამწუხაროდ, ბრიუსელის მხრიდან ეს განცხადებები გაფუჭებულ მაგნიტოფონს ჰგავს, როცა „კასეტა“ ჩაიხვევს და მისი ჩართვა რამდენჯერაც არ უნდა სცადო, განსხვავებულ სიტუაციაში, განსხვავებულ კონტექსტში ერთსა და იმავეს იმეორებს. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ თავზე ნაცრის წაყრას და რადიკალურ ოპოზიციაზე თავზე ხელის გადასმას, ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას მით უფრო მეტად დაიგრძელებენ. ამიტომ, არჩევანი მათზეა. როგორც ჩანს, ბევრს, როცა ძლიერის პოზიციიდან გრძნობენ თავს, მარცხის აღიარება უჭირს. მათ არაერთი შეცდომა დაუშვეს, ფსონები არასწორ ორგანიზაციებსა და არასწორ პარტიებზე დადეს, შემდეგ ძალიან მწარედ დამარცხდნენ და ახლა ამ მარცხის აღიარება უჭირთ. ალბათ, ეს შეიძლება იყოს ახსნა, სხვა შემთხვევაში იმის აღიარება მოუწევთ, რომ ამ ყველაფრის ავტორები და შემსრულებლები თავად იყვნენ, ოღონდ, ავტორობასა და შესრულებაში შეცდომები დაუშვეს და დამარცხდნენ. შემიძლია, არგუმენტად ზოგიერთი ელჩის ქმედებები მივაწოდო, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ წინასაარჩევნო პროცესებში ერევიან და საგარეო ჩარევის გზით ცდილობენ, რომ განსხვავებული საარჩევნო შედეგები დააყენონ,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები "განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. ერთობლივ განცხადებაში მარტა კოსი და კაია კალასი მოუწოდებენ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

განცხადებაში, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე