ადვოკატის განცხადებით, რომეო მიქაუტაძის სახლიდან სამართალდამცავებმა 1200 დოლარი ამოიღეს, ამ ფულს კი, მისი თქმით, კავშირი არ აქვს იმ საქმესთან, რომლის ფარგლებში 7 მილიონი დოლარი ამოიღეს

ადვოკატის განცხადებით, რომეო მიქაუტაძის სახლიდან სამართალდამცავებმა 1200 დოლარი ამოიღეს, ამ ფულს კი, მისი თქმით, კავშირი არ აქვს იმ საქმესთან, რომლის ფარგლებში 7 მილიონი დოლარი ამოიღეს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 176

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება რომეო მიქაუტაძეც.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას მოწმეები მისცემენ.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ. ის გამოეხმაურა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და რომეო მიქაუტაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასაც. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მიქაუტაძის სახლიდან სამართალდამცავებმა 1200 დოლარი ამოიღეს, ამ ფულს კი, მისი თქმით, კავშირი არ აქვს „იმ საქმესთან, რომლის ფარგლებში 7 მილიონი დოლარი ამოიღეს“.

„ჩვენ უკვე გადავედით მტკიცებულებების კვლევაზე. ველოდებით, რომ ბრალდების მხარე წარმოადგენს რამდენიმე მოწმეს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ იქნებიან დასაკითხი პირები. გავიგებთ უშუალოდ პროცესზე და დავკითხავთ. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ის თანხა, რომლის ლეგალიზაციასაც ედავებიან რომეო მიქაუტაძეს, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. რევიზიამ რომელმაც დაადგინა ამ თანხის ოდენობა, არ გაითვალისწინა არც რომეო მიქაუტაძის ოჯახის მიერ აღებული სესხები, არც შემოსავლები. ქონებების ჩამონათვალში შეტანილია ისეთი ქონებები, რომელიც არ ეკუთვნის არც რომეო მიქაუტაძეს, არც მის ოჯახს. შესაბამისად, ის თანხა 8.5 მილიონი, არის აბსურდი. ჩვენ დანიშნული გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზა და ველოდებით პასუხს, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლოსაც არ არის ის თანხა, რომეო მიქაუტაძის ქონების ღირებულებასთან, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებს.

რაც შეეხება ჩატარებულ ჩხრეკას, ჩხრეკა იყო, ამოიღეს რამდენიმე დოკუმენტი და ასევე 1200 დოლარი თანხა. ჩვენ ვიცით, რომ რომეო მიქაუტაძის სახლში იყვნენ შესულები, ამოიღეს რამდენიმე ნივთი, მცირე ოდენობით ფულადი თანხა, საუბარია 1200 დოლარზე. რაც შეეხება სხვა პირებს ვისთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, ჩემთვის უცნობია გარდა იმ ინფორმაციისა, რაც მედიასაშუალებით გავრცელდა. ჩვენ შემთხვევაში რაიმე ისეთი ინფორმაცია არ არის ამოღებული, რამაც შესაძლოა დააინტერესოს გამოძიება“,- განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე