ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში გაცილებით მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, ვიდრე დაკავებულები არიან.
პაპუნა ლოცულაშვილზე 10-მდე პირი ძალადობდა, 6 პოლიციელის დაკავება არაა საკმარისი - მუხლი აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა წაუყენონ.
„ეს ის მუხლი არ არის, რა მუხლითაც უნდა დაეკავებინათ ეს პირები, აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა წაუყენონ, რადგან სამ სხვადასხვა ეპიზოდზე სცემდნენ და აწამებდნენ პაპუნას. მას ფიზიკური დაზიანებები - ნეკნი ჩამტვრეული, ასევე სხვადასხვა, მრავლობითი დაზიანებები აქვს. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს პაპუნას მიმართ გამოძიება, რადგან ის არის დაზარალებული და წამების მსხვერპლია. რაც შეეხება დაკავებულებს, იქ 10-მდე პირი ძალადობდა, 6 ადამიანი არაა საკმარისი, რომ დასაჯონ, რადგან ერთის მხრივ, მუხლი არასწორია, მეორეს მხრივ, ყველა პირი დასჯილი არაა“, - აცხადებს ტყეშელაძე.