შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე „ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს იმას, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელს, საიმონ ვანდერბრუკი საქართველოში არ შემოუშვეს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია შედგა და განემარტათ, რომ ვანდერბრუკს აქვს საშუალება, რომ ჩვეულებრივად შემოვიდეს საქართველოში და ისარგებლოს იმ დიპლომატიური იმუნიტეტით, რასაც მას საერთაშორისო აქტები აძლევს.
შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „ინციდენტი ამოწურულია“.
„მოგახსენებთ, რომ მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადვილი, თუმცა ეს იყო გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება. იგივე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ შესაბამის უწყებებს საუბარი კონკრეტულ დიპლომატთან. ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო გარკვეული სახის შეცდომა, შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად, საქართველოში შემოსვლის და დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი, სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია და მე მგონი, ამაზე დამატებით საუბარი არ ღირს,“ - განაცხადა დარახველიძემ.