2024 წელს, საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 10.1%-ით გაიზარდა და 1 896 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.7%-ით პუნქტით გაიზარდა და 90.4%-ით შეადგინა.
„აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.9%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 81.7%-ს შეადგენდა. ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.6%-ით გაიზარდა და 1 978 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.5%-ით გაიზარდა და 1 755 ლარს გაუტოლდა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.6% შეადგინა.
თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.7%-ს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.3% შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1 736 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2%-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.9% შეადგინა.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 6.3%-ით გაიზარდა და 1 813 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.4%-ით გაიზარდა და 1 603 ლარს გაუტოლდა.
სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.1% შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.