.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ფაიგ გულიევს საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და ქართულ მხარესთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.