ანდრო ჭიჭინაძე მოწმე პოლიციელზე - გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში - ჩვენ არავინ დაგვიზიანებია

ანდრო ჭიჭინაძე მოწმე პოლიციელზე - გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში - ჩვენ არავინ დაგვიზიანებია

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ადამიანურად გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა, აქეთ, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც დაზარალებულ დეტექტივს, გიორგი ზაბახიძეს კითხავენ.

მოწმემ პოლიციელმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მან აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვით ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული პირის დაზიანებასთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

„არავინ ჩვენ არ დაგვიზიანებია.... მგონია, რომ ეს ადამიანიც შეყვანილია შეცდომაში. არც ამ ადამიანებთან და არც დანარჩენებთან, რომლებიც შემოვლენ, შემხებლობა არ გვქონია. სასამართლოს არ უნდა დაეშვა ეს ადამიანები, ჩვენ ამ ადამიანების დაზიანებასთან შემხებლობა არ გვქონია და სასამართლოს შეცდომაა.

ადამიანურად გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა, აქეთ, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში",- განაცხადა ჭიჭინაძემ, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში სწორედ "იმისთვის არიან, რომ ეს საკითხები გამოიკვლიონ".

პოლიციელს კითხვით მიმართა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ.

მან ზაბახიძეს ჰკითხა, გამორიცხავს თუ არა იმ ფაქტს, რომ მას სპეცრაზმელის მხრიდან ნასროლი ნივთი მოხვდა? აღნიშნულს პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„მე როცა იქ ვიყავი, სპეცრაზმი იქ საერთოდ არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ მომხვდებოდა“,- განაცხადა ზაბახიძემ.

მას კიკნაძემ ასევე ჰკითხა, დაინახა თუ არა, რომ ვინმე კონკრეტული პირი ცდილობდა პარლამენტში შეჭრას.

„მე რომელ ქუჩაზეც ვიყავი, ჭიჭინაძეზე, მომიტინგეებს საშუალება არ მივეცით, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. კონკრეტული პიროვნება არა, ხალხის მასა გვაწვებოდა”,- განაცხადა ზაბახიძემ, რაზეც ბრალდებულმა მას კვლავ კითხვით მიმართა, ეს "მისი ვარაუდია, თუ ფაქტი“.

„ფაქტად ვიცოდი",- უპასუხა პოლიციელმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 44


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე