სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 140 000 მომიტინგე შეიკრიბა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21:00 საათამდე მისცეს.
შეგახსენებთ, სტუდენტების, ოპოზიციის, მასწავლებლების, მუშებისა და ფერმერების საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1-ელ ნოემბერს "ნოვი სადის" რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ.