არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა, ხალხის ფულის ქურდ „ოცნებას“, რასაც ისევ შენივე წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე!- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რაც უკან არ დაბრუნდება.
„ხვალ 4 ოქტომბერია - არჩევნების დღე. არჩევნებში მონაწილეობა არის ჩვენი - საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ამავდროულად, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნის საერთო მომავლის წინაშე გვაკისრია. არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა, ხალხის ფულის ქურდ „ოცნებას“, რასაც ისევ შენსავე წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ: ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშის წინააღმდეგ! ეროვნული ინტერესების მოღალატე „ოცნების“ წინააღმდეგ! ახალგაზრდებზე, ქალებზე მოძალადე - „ოცნების“ მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ! უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის წინააღმდეგ! ხალხის ფულის ქურდი „ოცნების“ წინააღმდეგ! ქვეყნიდან ახალგაზრდების გაქცევის წინააღმდეგ! „ოცნების“ მფარველობის ქვეშ მყოფი კრიმინალისა და ნარკომანიის წინააღმდეგ! ქართველების ერთმანეთთან ხელოვნური დაპირისპირების და შექმნილი ქაოსის წინააღმდეგ! საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერების წინააღმდეგ!
„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება. ამიტომ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს: არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ასევე, მინდა მივმართო ჯერ კიდევ „ოცნების“ მხარდამჭერებს - თუ თქვენ ხმას მისცემთ „ოცნებას“, თქვენ ხმას აძლევთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ შუღლს, დაპირისპირებასა და ქაოსს. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, ქუჩებსა და ოჯახებში. ბოლოს, მინდა გავიმეორო უდიდესი ქართველის, ილიას ჭავჭავაძის სიტყვები: „ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.