დავით მათიკაშვილი - გათვითცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მრავალი წყარო იყოს, რაც უცხოეთში ცხოვრების პირობებში შეუძლებელია - იქ ალტერნატიული აზრი, პრაქტიკულად, არ ისმის

დავით მათიკაშვილი - გათვითცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მრავალი წყარო იყოს, რაც უცხოეთში ცხოვრების პირობებში შეუძლებელია - იქ ალტერნატიული აზრი, პრაქტიკულად, არ ისმის

38 წუთის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 60

გათვითცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მრავალი წყარო იყოს, რაც უცხოეთში ცხოვრების პირობებში ხანდახან პრაქტიკულად შეუძლებელია - იქ ალტერნატიული აზრი და ალტერნატიული ხმა პრაქტიკულად არ ისმის, - ეს განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, ახალი “საარჩევნო კოდექსის“ პროექტის წარდგენისას გააკეთა, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ.

საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას მათიკაშვილმა განაცხადა ისიც, რომ “უნდა გავიხსენოთ, [მიხაელ] როთის შემთხვევა, თუ როგორ აორგანიზებდა ეს ადამიანი გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეულ პროცესებს, რაც საარჩევნო პროცესში აშკარა ჩარევა იყო“.

“აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: - უნდა არსებობდეს გათვითცნობიერებული არჩევანი. მასმედიის პოლარიზების გათვალისწინებით, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ ექვემდებარება და ემორჩილება იქ არსებული მმართველობის სისტემის კონიუნქტურას. ბუნებრივია, მასზე ყველაფერი ახდენს გავლენას.

ამ გავლენის განეიტრალებისთვის ობიექტური თვალსაზრისთ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს ინფორმაციის მრავალი წყარო გათცნობიერებული არჩევანისთვის, რაც უცხოეთში ცხოვრების პირობებში ძალიან გართულებული და ხანდახან პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროდან ისმენ. იქ, პრაქტიკულად, ალტერნატიული აზრი და ალტერნატიული ხმა არ ისმის. ერთადერთი გარემო, სადაც შესაძლებელია პოლიტიკური მდგენელის კარგად და სწორად გააზრება, არის საკუთარი სამშობლო, სადაც ჰაერშიც კი არის გამჯდარი პოლიტიკური მდგენელის მნიშვნელობა და ალტერნატიული აზრის გაცნობა არ არის რთული.

იმის მიუხედავად, რომ გასაგებია, თუნდაც 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და უკან დაბრუნებაში შეიძლება არ იყოს მარტივი და დაკავშირებულია გარკვეულ მომზადებასთან, ხარჯებთან, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საარჩევნო გზით ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელების პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელ და ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით წყდება მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის არსებობის, მმართველობის და ფუნქციონირების ბედ-იღბალი. ამიტომ გათვითცნობიერებულ და არსებითად აზრიანი გადაწყვეტილების მიღება უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე