აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია თბილისში, პოლიტკოვსკაიას №27-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლების დაფინანსების, უფასო წრეებით და მოსამზადებელი კურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.
„ყურადღება ობიექტში განსახლებული დევნილების წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გამახვილდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის მიერ გაცემული დავალების თანახმად, დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი, მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.