არგენტინის პრეზიდენტს თაღლითობაში ადანაშაულებენ. იმის გამო, რომ ხავიერ მილეის მიერ რეკლამირებული კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრმა ვარდნამ არგენტინის ბაზრებზე დიდი რყევები გამოიწვია, მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა უკვე ხმამაღლა გაისმის. თავის მხრივ, არგენტინის პრეზიდენტი მის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამირებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ „კეთილი მიზნები ამოძრავებდა“.
თაღლითობაში ბრალი მილეის მას შემდეგ ედება, რაც მან 14 თებერვალს სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ის რეკლამას უკეთებდა $LIBRA-ს - კრეპტოვალუტას, რომელიც, მისი თქმით, „მცირე ბიზნესისა და განვითარების გზაზე მყოფი კომპანიების დაფინანსების შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდის წახალისებას შეუწყობდა ხელს“.
გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მან ეს შეტყობინება წაშალა, კრეპტოვალუტის ღირებულებამ კი დაცემა დაიწყო, რამაც მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა მათ, ვინც ამ მოკლე დროში ინვესტირება განახორციელა.
17 თებერვალს არგენტინელმა მოსამართლემ მოითხოვა გამოძიების დაწყება იმის გასარკვევად, თუ რა როლი მიუძღვის ხავიერ მილეის კრიპტოვალუტის პოპულარიზებაში. მედიის ცნობით, სასამართლოში უკვე ასზე მეტი საჩივარია შესული.
პარალელურად, კონგრესის ზოგიერთმა ოპოზიციონერმა წევრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას გეგმავს.
ამჟამად ოპოზიციაში მყოფმა არგენტინის ყოფილმა პრეზიდენტმა, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა მილეი მკვეთრად გააკრიტიკა და მას „კრიპტოვალუტის თაღლითი“ უწოდა.
პრეზიდენტ მილეის ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიაც აკრიტიკებს, რომელიც მომხდარს „უპრეცედენტო სკანდალს“ უწოდებს და სახელმწიფო მეთაურის იმპიჩმენტს ითხოვს.
ოპოზიციური სოციალისტური პარტიის წევრმა, ესტებან პაულონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნას ისიც უერთდება.
თუმცა, ანალიტიკოსებს ნაკლებად სჯერათ, რომ ოპოზიცია იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისთვის საჭირო ხმებს მოაგროვებს.
მილეის ბრალად ედება მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რომელიც rug pull-ის სახელით არის ცნობელი. ამ სქემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კრიპტოვალუტის პრომოუტერები მყიდველებს იზიდავენ, შემდეგ სავაჭრო აქტივობებს შეგნებულად აფერხებენ და გაყიდვებიდან მიღებულ ფულს ისაკუთრებენ.
ვიდრე $LIBRA ჩამოიშლებოდა, ათიათასობით გარიგება დაიდო და ექსპერტების შეფასებით, ამ ოპერაციამ თაღლითებს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.
მის სახელთან დაკავშირებულ სკანდალს არგენტინის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა, რომელმაც მის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამირება უარყო და განაცხადა, რომ „კეთილსინდისიერად“ მოქმედებდა.
„მე რეკომენდაციები არ გამიცია და კრიპტოვალუტისთვის რეკლამა არ გამიკეთებია. ციფრული ვალუტის შესახებ, უბრალოდ, მესიჯი გავავრცელე“, - აღნიშნა არგენტინის პრეზიდენტმა TN-თან ინტერვიუში.
„პარასკევს საღამოს განხორციელებული კრიპტოვალუტის ტრანზაქციები და მომხდარი კოლაფსი კერძო პირებს შორის შექმნილ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ მას „არაფერი აქვს დასამალი და გამოძიების არ ეშინია“.
მილეი ამტკიცებს, რომ ტრეიდერებმა, რომლებიც იმ ღამეს $LIBRA-ის კრიპტოვალუტით ვაჭრობდნენ და ფსონებს სპეკულაციურ პროდუქტებზე დებდნენ, „მშვენივრად იცოდნენ, რომ რისკავდნენ“.
არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქმეს ანტიკორუფციულ ოფისს გადასცემს, რათა „მთავრობის რომელიმე წევრის, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან შესაძლო არასათანადო ქცევა გამოავლინოს“.