დავით სონღულაშვილი - ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო საუკეთესო იქნება

დავით სონღულაშვილი - ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო საუკეთესო იქნება

2 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 158

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს მოსავლის ორგანიზებული დაბინავების უზრუნველყოფისთვის.

მინისტრმა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

სონღულაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი იქნება წარმატებული და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.

როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო.

„რთველი მევენახეებისთვის და მეღვინეობის დარგისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან სწორედ ახლა იქმნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი – ქართული ღვინო. ჩვენ წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება, რათა ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მევენახეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ კონდიციურ და ხარისხიან ყურძენში ისინი მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ. რთველი ახლა იკრეფს ძალას. ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი სწორედ კონდიციური და ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო. ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას სწორედ მისი ხარისხი და უნიკალურობა განსაზღვრავს. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი, უდავოდ, უნიკალური; სწორედ ამიტომ გვაქვს  ამბიცია, ვაწარმოოთ ხარისხიანი და მოთხოვნადი ღვინო“, – აღნიშნა მინისტრმა.

გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია წარუდგინა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების შესახებ. 6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე – 0322 193 283.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით  დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ  სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და  დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

წელს კახეთის რეგიონში რთველის პროცესში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე