აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შეშლილები მართავენ და რომ მისი ადმინისტრაცია ორგანიზაციას ამ შეშლილებს მოაშორებს, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეერთების საკითხს განიხილავს.
„მას რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავს და ჩვენ მათ მოვაშორებთ. ჩვენ მათ მოვაშორებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ჭკვიანი ადამიანია, თუმცა აღნიშნა, რომ ფედერალურ მთავრობაში ხარჯების შემცირების შესახებ მის რჩევებს ყოველთვის არ გაითვალისწინებს.
„ვფიქრობ, ილონი კარგ საქმეს აკეთებს. ის არის ხარჯების დიდი შემმცირებელი. ზოგჯერ ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და არ წავალთ იქ, სადაც მას სურს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ჭკვიანი ადამიანია. ძალიან ჭკვიანი და ის ძალიან ცდილობს ჩვენი ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას“, - აღნიშნა ტრამპმა.