„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული.
როგორც ქურდოვანიძემ ამაღლობელის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, მზია ამაღლობელი შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე, როდესაც ქურდოვანიძემ ბოლოს ის მოინახულა.
გარდა ამისა, ქურდოვანიძის თქმით, დღეს მას გადასცეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მზია ამაღლობელზე ჩატარებული კვლევების შედეგები.
„როგორც იცით, მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს. ის არის სრულ შიმშილობაზე და მხოლოდ წყალს იღებს. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს და პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული.
ჩვენ ჩვენი მხრივ ვალდებულები ვართ, რომ ადვოკატები ვმოქმედებდეთ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. სწორედ, ამიტომ ჩვენ მიმართული გვაქვს სახალხო დამცველისთვის, რომ მან სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, ვითხოვეთ არა ერთი კვლევის ჩატარება. დღეს ჩამბარდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები. ამას გავეცნობით და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ რაიმე პროცედურა არის თუ არა ისეთი გამორჩენილი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩატარდეს”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.