იურისტ ეკა ბესელიას განცხადებით, მას რუსთავის ციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის და სხვა პატიმრების მონახულება სურდა, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შევიდა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიზეზად დაუსახელეს ჯვრის ტარება. ბესელიას განმარტებით, აქამდე ყოველთვის ჯვრით შედიოდა ციხეში და ეს პრობლემა არ ჰქონია.
„დღეს, როდესაც რამდენიმე პატიმარი უნდა მომენახულებინა მათივე თხოვნით, ვერ შევედი მხოლოდ იმიტომ, რომ დაჟინებით მოითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი. ყოველთვის შევდიოდი ჯვრით. ამაზე ზოგჯერ ოქმს ადგენენ და იყო შემთხვევა, სადაც ოქმიც არ შედგენილა, მაგრამ, ოქმის შედგენა არის ნორმალური. ეს აქაც მოვითხოვე დაწესებულების შიგნით. დაწესებულების ხელმძღვანელს, დირექტორს ვერ ვუკავშირდები, ვერავინ ელაპარაკება, ვერ ურეკავს. მგონია, რომ არ უნდათ დღეს შევიდე და მოვინახულო პატიმრები, რომლებსაც ჩემთან შეხვედრა სურდათ, მათ შორის არის ლევან ხაბეიშვილი. არასდროს ეს პრობლემა არ შემქმნია. ეს წესები არის შეურაცხმყოფელიც და კანონსაწინააღმდეგოც. ამიტომ, პირველ რიგში, ბატონ სალიას მივმართავ, კეთილი ინებოს და მისდამი დაქვემდებარებულ პენიტენციურ სისტემას აუხსნას კანონის განმარტება. ეს არის საადვოკატო საქმიანობაში ხელშეშლა. დარწმუნებული ვარ, აქ პროკურორებიც და გამომძიებლები რომ შემოვლენ, მათ იგივე მოთხოვნას არ წაუყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ ამაზე რეაგირებას, მწვავე რეაგირება მექნება“,- განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების „ახალი სტანდარტია“, როდესაც საჯარო განცხადების საფუძველზე აკავებენ ადამიანს.
„ჩემს პრაქტიკაში ათასობით საქმე მქონია და პოლიტიკოსის საჯარო განცხადება, რომელიც ამომრჩევლისკენ არის მიმართული ან მისი პოლიტიკური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია, არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც ამის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყოს ამ კვალიფიკაციით. ეს რაღაც ახალი სტანდარტია. იმდენი ახალი განმარტება ვნახეთ კანონის არასწორი, თუნდაც ბანერზე წარწერის გაკეთება რაც ელენე ხოშტარიას და მეგის [დიასამიძე] შემთხვევაში მოხდა, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ეს შეიძლება უკან დაუბრუნდეთ“,-განაცხადა ბესელიამ.