ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 77

მისი თქმით, რუსეთის საომარი ეკონომიკა წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება, რის გამოც ევროკავშირი ევროპულ ბაზრებზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავს.

„ჩვენ გვსურს ამ შემოსავლების შემცირება. ამიტომ, ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. დროა, ონკანი დავკეტოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აღსრულების გასაძლიერებლად, ჩვენ ამჟამად სანქციებს ვუწესებთ ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს. სულ, ევროკავშირის სანქციების ქვეშ 560-ზე მეტი გემია. ენერგეტიკული ვაჭრობის მსხვილ კომპანიებს, „როსნეფტს“ და „გაზპრომნეფტს“, ახლა სრული ტრანზაქციები ეკრძალებათ. სხვა კომპანიებსაც აქტივები გაეყინებათ. ახლა მათ წინააღმდეგ მივდივართ, ვინც რუსეთის ომს სანქციების დარღვევით ნავთობის შეძენით აძლიერებს. ჩვენი სამიზნეებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობქიმიური კომპანიები მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სანქციების პაკეტის სამიზნე ასევე ფინანსური ხვრელებია, რომლებსაც რუსეთი სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იყენებს.

„ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას დამატებით ბანკებზე რუსეთში და მესამე ქვეყნების ბანკებზე. ვაძლიერებთ ზომებს გვერდის ავლის წინააღმდეგ. რადგან თავის არიდების ტაქტიკა უფრო დახვეწილი ხდება, ჩვენი სანქციები ადაპტირდება, რათა წინ წავიდეთ. ამიტომ, პირველად, ჩვენი შემზღუდავი ზომები კრიპტო პლატფორმებს შეეხება და კრიპტოვალუტით ტრანზაქციებს აკრძალავს. ჩვენ სიაში შევიტანთ უცხოურ ბანკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ალტერნატიულ გადახდის სერვის სისტემებთან. ასევე, ვზღუდავთ ტრანზაქციებს სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში მყოფ სუბიექტებთან“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სანქციები ასევე ითვალისწინებს საექსპორტო შეზღუდვებს იმ ნივთებისა და ტექნოლოგიებისთვის, რომლებსაც ბრძოლის ველზე გამოიყენებენ.

„ასევე, ჩვენ სიაში შევიტანეთ 45 კომპანია რუსეთსა და მესამე ქვეყნებში. ეს კომპანიები პირდაპირ ან ირიბად უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ომში, რომელსაც ინოვაციები წარმართავს, რუსეთისთვის ძირითად ტექნოლოგიებზე წვდომის შეწყვეტა გადამწყვეტია. უპირველეს ყოვლისა, როდესაც საქმე დრონებს ეხება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა წევრ სახელმწიფოებს სანქციების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდა.

„გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ეს სასტიკი ომი დასრულდეს. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად დაამტკიცონ ეს ახალი სანქციები. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა დატოვოს ბრძოლის ველი და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ეს არის გზა, რათა მშვიდობას რეალური შანსი მივცეთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე