პენტაგონი სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცები სრულად გაყვანის გეგმაზე მუშაობს. როგორც „ენბისი“ იუწყება, ამ საკითხით პირადად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია დაინტერესებული. ჟურნალისტებთან საუბარში წყაროები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის კონტინგენტის სრული გაყვანა სირიიდან შესაძლებელია 30, 60 ან 90 დღის განმავლობაში.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში ისრაელის სახელმწიფო მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ისრაელელ კოლეგებს აცნობეს ტრამპის განზრახვის შესახებ სირიიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს რეგიონში ჩარევას.
ამჟამად სირიაში განლაგებულია ათზე მეტი ამერიკული სამხედრო ბაზა, სადაც დაახლოებით ორი ათასი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, მათი მთავარი ამოცანაა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა.
როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა სირიელ ქურთებს მხარდაჭერის გარეშე დატოვებს და საფრთხეს შეუქმნის ციხეებსა და ბანაკებს, სადაც დაახლოებით 50 ათასი პატიმარია, მათ შორის ცხრა ათასი რადიკალი ისლამისტი.
ტრამპმა უკვე სცადა სირიიდან ჯარების გაყვანა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. 2019 წელს მან დაავალა კონტინგენტის სრული გაყვანა, თურქეთს კი „ისლამური სახელმწიფოს“ პატიმრებზე პასუხისმგებლობა დააკისრა. მოგვიანებით, ტრამპმა დააზუსტა, რომ ეს პროცესი სწრაფი არ იქნება, ხოლო ამერიკული ძალების საბოლოო გასვლა მხოლოდ ჯიჰადისტების საბოლოო დამარცხების შემდეგ იქნება შესაძლებელი.