ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევებზე დამყარებული პროცესია და რასაც ამჟამად ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გზას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ანიტა ჰიპერის თქმით, „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო ევროკავშირმა საქართველოში პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდე დაიყვანა.
„საქართველოში მასშტაბური დემოკრატიული უკუსვლის გამო პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდე შევამცირეთ. შესაბამისად, ჩვენი სრული მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ არის მიმართული. რაც შეეხება გაწევრიანების პროცესს, ევროკავშირის ლიდერებმა სრულიად ნათლად განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევებზე დამყარებული პროცესია და რასაც ამჟამად ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გზას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.