მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერების - პაატა ბურჭულაძის, ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძისა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი 7 ოქტომბერს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.
სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.