ფინანსთა სამინისტროს ქმედებები „თრიალეთის“ მიმართ: კანონდარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტები

ფინანსთა სამინისტროს ქმედებები „თრიალეთის“ მიმართ: კანონდარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტები

12-02-2026 18:37
პოსტი ნახა: 122

სახელმწიფო უწყებები, კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო, მინისტრი ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახური, სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია, ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" წინააღმდეგ იყენებენ შერჩევით სამართალს და რეპრესიულ მექანიზმებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუაციასა და ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. 


დაზუსტებით წარმოგიდგენთ, იმ ფაქტებს, რომელსაც მივიჩნეთ შერჩევითი სამართლისა და დისკრიმინაციის გამოვლინებად.


დისკრიმინაციის ფაქტი 1.
2025 წლის მაისში, BMG-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ორი ტელევიზიის, იმედისა და რუსთავი 2-ის ძირითადი საგადასახადო დავალიანება დაახლოებით 42 მილიონი ლარია. წყარო:   https://bm.ge/news/televiziebis-57-milioniani-sabiujeto-davalianebis-73-teleimedsa-da-rustavi-2-ze-modis
აღნიშნულ კომპანიებს აქვთ მრავალმილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათ მიმართ სახელმწიფო არ იყენებს იძულებითი აღსრულების ისეთ მკაცრ ზომებს, როგორსაც ჩვენს მიმართ. 


დისკრიმინაციის ფაქტი 2.
მხარს უჭერთ გაზეთ ბათუმელებს და მიგვაჩნია, რომ მათზე განხორციელდა უსამართლო ზეწოლა, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ აშკარა შერჩევითი სამართლის მაგალითია, რამდენიმე თვის უკან, შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება, სადაც ისინი გაზეთ "ბათუმელებს" საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას სთვაზობენ.  გთავაზობთ განცხადების ტექსტის ამონარიდს:  


"შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მისცეს საშუალება დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება."


ამ განცხადებიდან ღიად ჩანს, რომ შემოსავლების სამსახური შერჩევითად სთავაზობს ერთ მედიას საგადასახადო შეთანხმებას, მაშინ როდესაც "თრიალეთის" 10 წლის განმავლობაში არაერთგზის მიმართვას, შეთანხმებისა და გადახდის გრაფიკის მოთხოვნის შესახებ, ყველა შემთხვევაზე ეუბნება უარს, ან საერთოდ არ პასუხობს.


დისკრიმინაციის ფაქტი 3: 
2014 - 2024 წლებში 2.9 მილიარდი ლარის დავალიანებაზე 8088 საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა. - შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იუწყება BM.GE  ლინკი.


დისკრიმინაციის ფაქტი 4: 
მხოლოდ 2025 წელს, მთავრობამ ენერგოკომპანიებთან გააფორმა შეთანხმებები და ჩამოწერა დაახლოებით 2 მილიარდი ლარი.


შედეგად სახეზეა საქართველოს კანონის, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფრქვის შესახებ" მე-2 მუხლის, პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევა. სახეზეა პირდაპირი დისკრიმინაცია, რაც კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით იკრძალება. 


ტელეკომპანია „თრიალეთი“ იმყოფება ანალოგიურ ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობაში, როგორშიც სხვა მსხვილი მაუწყებლები (მათაც აქვთ საგადასახადო დავალიანება). მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული ორგანო ჩვენს მიმართ იყენებს რადიკალურად განსხვავებულ, არახელსაყრელ მოპყრობას (ანგარიშების ბლოკირება), მაშინ როცა სხვა პირებს ეძლევათ საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობა. 


ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა წარმოადგენს ირიბ დისკრიმინაციას (მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი). ფორმალურად ნეიტრალური საგადასახადო ნორმები გამოყენებულია ისე, რომ მათი შედეგი მხოლოდ "თრიალეთისთვისაა" დამანგრეველი. როდესაც უწყება უარს ამბობს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე (რაც სხვებთან 8000-ჯერ მოხდა), ეს ნეიტრალური კრიტერიუმი ხდება დისკრიმინაციული პრაქტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უფლებების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.


კანონი გამოყოფს მსგავსი პირობების შექმნის ობიექტურ და გონივრულ გამართლებას. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ამგვარ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური გამართლება, რადგან ბიუჯეტის ინტერესი (თანხის ამოღება) გაცილებით ეფექტურად მიიღწეოდა გადახდის გრაფიკით, ვიდრე ტელევიზიის გაჩერებით.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოთაღნიშნულის გარდა ჩვენს მიმართ ირღვევა საქართველოს კონსიტუციით დაცული თანასწორობის უფლება. ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შემდეგი მუხლები:

მუხლი 4. კანონის წინაშე თანასწორობა
1. "ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე".


მე-4 მუხლის პირველივე პუნქტი ნათლად განმარტავს, რომ როგორც ტელეკომპანია "თრიალეთი", ისე ტელეკომპანია "იმედი" და სხვა ტელეკომპანიები ერთნაირად არიან ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორნი.


2. "დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება".


მეორე პუნქტი ნათლად განმარტავს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარისთვის რამე უპირატესობის მინიჭება, ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. რაც აშკარაა ჩვენს მიმართ, ვიანიდან ტელეკომპანია "იმედს" და "რუსთავი 2"-ს ეპატიება 40-ჯერ დიდი დავალიანების ქონა, არ ადებენ ინკასოს, არ თხოვენ ვალის გადახდას, ხოლო ჩვენს მიმართ იყენებენ უმკაცრეს ზომას.


3. "საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას".


მესამე პუნქტი ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ჩვენს მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. სახელმწიო შერჩევით ადებს ინკასოს მათთვის მიუღებელ ტელეკომპანიას, მაშინ როცა მათთან დაახლოებულ ტელეკომპანიებს ზუსტად მსგავსი იდენტური გარემოებები აქვთ. 


ასევე იდენტური გარემოებაა სახელმწიფო დავალიანების არსებობა და მათი ჩამოწერა გარკვეული ჯგუფისთვის, ხოლო მეორე ჯგუფისთვის, მსგავსი უფლებებით სარგებლობაზე უარის თქმა. მე-4 მუხლის მესამე პუნქტი, ხაზზს უსვამს, რომ იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.


ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანს თანაბრად მოეპყრას  ადმინისტრაციული-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე ყველა მხარეს. რაც მარტივად ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვადებენ ინკასოს, ინკასო უნდა დაედოს ტელეკომპანია "იმედსაც" და "რუსთავი 2"-საც. თუ ტელეკომპანია "იმედს" და "რუსთავი 2"-ს უფორმებენ საგადასახადო შეთანხმებას, უნდა გააფორმონ ჩვენთანაც. რადგან ჩვენი საქმის გარემოებები 100%-ით იდენტურია. იმ განსხვავებით, რომ ტელეკომპანია "იმედის" და "რუსთავი 2"-ს ვალი 40-ჯერ აღემატება ჩვენს ვალს.


მუხლი 6. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი
1. "თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში".
2. "ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება".


შემოსავლების სამსახური უხეშად არღვევს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს. კანონი პირდაპირ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევად მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. 


კერძოდ, სახეზეა შემდეგი სქემა:
1.    2025 წლის ოქტომბერში დადებული ინკასო გავასაჩივრეთ შემოსავლების სამსახურში, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობაა.
2.    შემოსავლების სამსახურმა, ნაცვლად საჩივრის დროული განხილვისა, გამოიყენა კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადა, ხოლო ამ ვადის გასვლისას ფორმალურად ახსნა ინკასო.
3.    ინკასოს ახსნის საფუძვლით, ორგანომ შეწყვიტა საჩივრის განხილვა, რითაც მოგვისპო შესაძლებლობა, მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლოში გავასაჩივრებდით. 
4.    2026 წლის იანვარში კი, ორგანომ კვლავ დაადო ინკასო ტელეკომპანიას, რითაც პროცესი დააბრუნა საწყის წერტილში.


ეს ქმედება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული პრაქტიკა - ინკასოს მოხსნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის ამოწურვისას და მისი ხელახალი დადება - წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პროცესუალურ მანიპულაციას. ამით ორგანო მიზანმიმართულად უზღუდავს ტელეკომპანიას კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას (მუხლი 31 - მუხლი 31. საპროცესო უფლებები ), რომ თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ჩვენ უკვე 8 თვეზე მეტია ვიმყოფებით ამ დაუსრულებელ პროცესში და დღემდე ვერ მოვახერხეთ სასამართლოსთვის მიმართვა, რადგან სასამართლო პირველ რიგში შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებას ითხოვს. 


მუხლი 7. საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა
1. "დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა".


კერძოდ, ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადებით მიყენებული ზიანი - მედიასაშუალების სრული პარალიზება და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა - არსებითად აღემატება იმ სიკეთეს (ბიუჯეტში მცირე მოცულობის თანხის ამოღება), რომლის მისაღებადაც აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი გამოიცა.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სხვა მსხვილი მაუწყებლების (მაგალითად, ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის) საგადასახადო დავალიანება 40-ჯერ და მეტჯერ აღემატება ჩვენს ვალს. ლოგიკურია, რომ თუ სახელმწიფო რეალურად ზრუნავს საჯარო სიკეთეზე - ბიუჯეტის შევსებაზე - იგი პირველ რიგში დაინტერესებული უნდა იყოს მსხვილი დავალიანებების ამოღებით.


ის ფაქტი, რომ სანქციები გამოიყენება მხოლოდ „თრიალეთის“ წინააღმდეგ, მაშინ როცა მრავალმილიონიანი ვალის მქონე ტელევიზიებს ეძლევათ შეუფერხებელი მუშაობის საშუალება, ნათლად ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული, შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული.


2. "დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა".


არსებობს დავალიანების ამოღების სხვა, უფრო „რბილი“ გზები (მაგალითად, გრაფიკის გაკეთება), მაგრამ სახელმწიფომ პირდაპირ ყველაზე მკაცრი ზომა - ანგარიშებზე ინკასოს დადება გამოიყენა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ (შემოსავლების სამსახურმა) გამოიწვია ტელეკომპანიის ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რადგან არ გამოიყენა ალტერნატიული, ნაკლებად მტკივნეული მექანიზმები. ასევე უარი განაცხადა, ან შეგნებულად აყოვნებს საგადასახდო შეთანხმების გაფორმებას (ვინაიდან პასუხს უკვე 6 თვეა ველით). და არც კი გვისაბუთებენ, თუ რატომ გვაყენებენ არათანაბარ პირობებში სხვა ტელეკომპანიებთან მიმართებით. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე