საჯარო რეესტრმა „თრიალეთის“ წესდებაში ტექსტი თვითნებურად შეცვალა?!

საჯარო რეესტრმა „თრიალეთის“ წესდებაში ტექსტი თვითნებურად შეცვალა?!

41 წუთის წინ
პოსტი ნახა: 74

საჯარო რეესტრის უკანონო ხრიკი  -  "თრიალეთის" დასაბლოკად!

"თრიალეთის" ხელახალი რეგისტრაციის ხელოვნურად შესაჩერებლად, საჯარო რეესტრმა ამჯერად "თრიალეთის" წესდების ტექსტშიც კი შეცვალა სიტყვა  - "გადაწყვეტილება" ჩაანაცვლა სიტყვით "თანხმობა" - და სწორედ ამ შეცვლილი ინტერპრეტაციის საფუძველზე დაბლოკა რეგისტრაცია.

ჩვენ გავასაჩივრეთ აღნიშნული გადაწყვეტილება - მათი მოთხოვნით, ისევ თავად საჯარო რეესტრში.

იმის გამო, რომ არ ვართ დარწმუნებული ჩვენი საჩივრის ობიექტურ და სამართლიან განხილვაში, ვაქვეყნებთ საჩივარს საჯაროდაც, რათა საზოგადოებამ თავად ნახოს, თუ რა ფორმებით მიმდინარეობს "თრიალეთის" წინააღმდეგ ბრძოლა.

ვინც ამ საჩივარს წაიკითხავს, ნათლად დაინახავს:

როგორ ებრძვის "თრიალეთს" მთელი სახელმწიფო სისტემა;
და რამდენი სირთულის გადატანა გვიწევს დამოუკიდებელი მედიის შესანარჩუნებლად!

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, ადგილობრივი ხელისუფლება - და ახლა უკვე "თრიალეთის" 10%-იანი წილის მფლობელის, შპს "აქცეპტის" დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილი!

ძალიან რთულია, მაგრამ გავუძლებთ ყველაფერს!

"თრიალეთი" 36 წელია იბრძვის და არ გაჩერდება!

ბოლოს მაინც სიმართლე გაიმარჯვებს!

 

 

ადმინისტრაციული საჩივარი
   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

2026 წლის 8 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება № B26356925/3, რომლითაც შეჩერდა შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" სარეგისტრაციო წარმოება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ, რადგან იგი ეფუძნება რეგისტრირებული წესდების არასწორ ინტერპრეტაციას და საჯარო რეესტრის მიერ წესდების შინაარსის ფაქტობრივად შეცვლილ ფორმულირებას.

საჯარო რეესტრს წარედგინა შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" დოკუმენტაცია, რომელსაც ხელს აწერს პარტნიორთა 90 %.

მიუხედავად ამისა, რეესტრმა კვლავ დაგვიდგინა ახალი ხარვეზი, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა "თრიალეთის" 10 % წილის მფლობელი პარტნიორის - ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, შპს "აქცეპტის" დირექტორის, კახა კობიაშვილისა და მათი წარმომადგენლის, ალლა კახნიაურის მოთხოვნებს.

საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებაში წერს, თითქოს რეგისტრირებული წესდების 4.2. მუხლის თანახმად, "პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების პარტნიორთა თანხმობა" და ამ საფუძვლით ითხოვს, რომ ახალ წესდებაშიც ასახული იყოს პარტნიორთა 100%-იანი თანხმობის აუცილებლობა.

თუმცა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ორგანიზაციის რეგისტრირებულ წესდებაში პირდაპირ წერია:

"მუხლი 4.2. პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება."

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში სიტყვა "გადაწყვეტილება" თვითნებურად ჩანაცვლებულია სიტყვით "თანხმობა", რაც არსობრივად ცვლის ნორმის შინაარსს.

"გადაწყვეტილება" და "თანხმობა" იურიდიულად სხვადასხვა ცნებებია.

წესდებაში მითითებული პარტნიორთა გადაწყვეტილება, ნიშნავს პარტნიორთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არა თითოეული პარტნიორის ინდივიდუალურ თანხმობას.

ეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს წესდების სხვა მუხლებიდანაც.

კერძოდ, წესდების 7.3. მუხლი განსაზღვრავს პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას, მათ შორის:

·         საზოგადოების წევრების შეცვლას;

·         საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანას;

·         გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

ამავე მუხლში პირდაპირ წერია:

"პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების მიღებისათვის საჭიროა კრებაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა."

უფრო მარტივად რომ განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს "საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება", მოვიყვანთ მაგალითს თავად "მეწარმეთა შესახებ" კანონიდან:

მუხლი 126. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება

2. "პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“

შესაბამისად, თავად კანონიც ერთმანეთისგან მკაფიოდ განასხვავებს:

·         პარტნიორთა გადაწყვეტილებას;

·         და თითოეული პარტნიორის ინდივიდუალურ თანხმობას.

"პარტნიორთა გადაწყვეტილება" ნიშნავს პარტნიორთა კრების მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას და არა ყველა პარტნიორის 100%-იან თანხმობას.

ამიტომ, საჯარო რეესტრის მიერ სიტყვა "გადაწყვეტილების" "თანხმობად" ინტერპრეტაცია არ შეესაბამება არც საზოგადოების წესდების შინაარსს და არც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის ლოგიკასა და ტერმინოლოგიას.

შესაბამისად, წესდება ცალსახად ადასტურებს, რომ პარტნიორთა "გადაწყვეტილება" არ ნიშნავს ყველა პარტნიორის ერთსულოვან თანხმობას.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრირებული წესდების შესაბამისი საკითხების შინაარსი უცვლელად არის ასახული ახალ წესდებაშიც.

ახალი წესდება არ აუქმებს პარტნიორთა გადაწყვეტილების აუცილებლობას, არ ამარტივებს წილის გასხვისების წეს და არ ცვლის პარტნიორთა უფლებრივ მდგომარეობას.

შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზე განმარტა საჯარო რეესტრმა, თითქოს ახალ წესდებაში აღარ არის ასახული რეგისტრირებული წესდების მოთხოვნა.

რეალურად, უცვლელად არის შენარჩუნებული სწორედ ის პრინციპი, რომ შესაბამის საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება კანონითა და წესდებით დადგენილი წესით.

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრმა თავის გადაწყვეტილებაში სიტყვა "გადაწყვეტილება" შეცვალა სიტყვით "თანხმობა" და სწორედ ამ შეცვლილი ფორმულირების საფუძველზე მოითხოვა 100%-იანი თანხმობა.

ვფიქრობთ, ან ადგილი აქვს რეესტრის იურისტების სერიოზულ სამართლებრივ შეცდომას, ან გადაწყვეტილება მიღებულია მესამე პირების მოთხოვნების გავლენით.

ვერ დავადასტურებთ, მოხდა თუ არა ეს საზოგადოების პარტნიორის, შპს "აქცეპტის" წარმომადგენლების კარნახით, თუმცა ფაქტია, რომ რეესტრის გადაწყვეტილებაში წესდების ტექსტი არასწორად არის ციტირებული და შეცვლილია მისი სამართლებრივი შინაარსი.

ასევე, თუ აღნიშნული ხარვეზი არ წარმოადგენს მიზანმიმართულ ბარიერს და მხოლოდ შეცდომაა, ესეც უკიდურესად უხერხულია ისეთი მასშტაბის სახელმწიფო უწყებისთვის, როგორიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.

აქვე, ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გვინდა ყურადღების გამახვილება:

თუ დავუშვებთ, რომ საჯარო რეესტრის მიერ გაკეთებული განმარტება სწორია და რეგისტრაციისთვის აუცილებელია ყველა პარტნიორის 100%-იანი თანხმობა, ასეთ შემთხვევაში რეესტრის გადაწყვეტილება რეალურად ქმნის მექანიზმს, რომლითაც ერთ პარტნიორს შეუძლია სრულად დაბლოკოს საზოგადოების საქმიანობა და ხელახალი რეგისტრაციის პროცესი.

მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებასთან დაახლოებულ  პარტნიორ კომპანიას, რომელიც არ არის კეთილგანწყობილი ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათი მიზანია ტელეკომპანია "თრიალეთის" ფუნქციონირების შეწყვეტა.

ასეთ ვითარებაში, აღნიშნულ პარტნიორს ეძლევა შესაძლებლობა, უბრალოდ არ მოაწეროს ხელი კრების ოქმს, რის შედეგადაც, საჯარო რეესტრის ამგვარი განმარტების პირობებში, "თრიალეთი" ვერასოდეს შეძლებს რეგისტრაციის პროცესის დასრულებას.

ეს კი ნიშნავს, რომ რეესტრის მიერ მიღებული ინტერპრეტაცია პრაქტიკულად იძლევა შესაძლებლობას, ერთი პარტნიორის ნების საფუძველზე სრულად პარალიზდეს კომპანიის საქმიანობა და საბოლოოდ საფრთხე შეექმნას დამოუკიდებელი მედიის არსებობას.

მიგვაჩნია, რომ კანონის მიზანი ვერ იქნება ისეთი ინტერპრეტაციის დაშვება, რომელიც ერთი პარტნიორის ხელში აქცევს საზოგადოების სრული ბლოკირების მექანიზმს და რეესტრის გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეჩერების ინსტრუმენტად აქცევს.

მოვითხოვთ:

1.      გაუქმდეს 2026 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება № B26356925/3;

2.      საჯარო რეესტრმა სწორად განმარტოს წესდების 4.2. მუხლი;

3.      დადასტურდეს, რომ პარტნიორთა გადაწყვეტილება წარმოადგენს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას და არა 100%-იანი თანხმობის მოთხოვნას;

4.      გაგრძელდეს სარეგისტრაციო წარმოება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ვიმედოვნებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ობიექტურად შეაფასებს წარმოდგენილ გარემოებებს, სწორად განმარტავს რეგისტრირებული წესდების შინაარსს და გადაწყვეტილებას მიიღებს კანონისა და სამართლებრივი პრინციპების საფუძველზე.

მიგვაჩნია, რომ რეგისტრაციის პროცესში დაუშვებელია რეგისტრირებული წესდების ტექსტის შეცვლილი ინტერპრეტაციით გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს არსებითად ცვლის პარტნიორთა უფლებრივ მდგომარეობას და ქმნის ხელოვნურ ბარიერს სარეგისტრაციო წარმოებისთვის.

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" 36 წელია საქმიანობს საქართველოში და ყოველთვის მოქმედებდა კანონის ფარგლებში. შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სარეგისტრაციო პროცესი გაგრძელდეს კანონიერების, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე