აშშ ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის მზად არის, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯონ კელიმ ვენესუელის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში ნარკოკარტელებსა და ნარკოტიკებით ვაჭრობას აქტიურად ებრძვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ გასანადგურებლად აშშ-ის სრულ ძლიერებას გამოიყენებს. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ნარკოკარტელებს, რომლებიც ამერიკის ქუჩებს თავიანთი პროდუქციით ავსებენ და ამერიკელებს კლავენ“, - განაცხადა ჯონ კელიმ.
ამასთან, კელიმ აღნიშნა, რომ აშშ ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარებს და მას „სასტიკი ნარკოტერორისტული დაჯგუფების, Cartel de Los Soles-ის ხელმძღვანელი“ უწოდა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვენესუელამ „კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო აქტივობის ესკალაციის შესაჩერებლად“ მოიწვია, კარაკასის წარმომადგენელმა, სამუელ მონკადამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აშშ თავდასხმას გეგმავს.
„ვაშინგტონის მტრული მოქმედებებისა და რიტორიკის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა იმ ვითარების წინაშეა, როდესაც გონივრულია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ვენესუელაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდება“, - აღნიშნა ვენესუელის წარმომადგენელმა.