ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გათვალისწინებული იქნება და მხედველობაში იქნება მიღებული,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს ამირან დოლიშვილის, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილის საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა.
„4 ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ამით კი გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვების დროს ხელშეშლის მითითებით. მოცემულ საქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორც არის ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და გამოკითხვის ოქმები, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
ჩვენ შევისწავლით ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, რამდენად შეუთავსებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ნუგზარ ჭიტაძემ.