ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ. ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით - თუ [შიმშილობის] აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ, „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან განუცხადა, სადაც ის შიმშილობს.
როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, იმის ილუზია არ აქვთ, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა.
„პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რეალურად არ დავინახავთ ამ პროტესტის მიმართ საზოგადოების და რეჟიმის დამოკიდებულებას. ჩვენ ვაპროტესტებთ რეალობას, რომელიც შეიქმნა, მაგრამ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. ამ ფორმით რეჟიმის ქმედებების გაპროტესტება ერთგვარად ქმნის პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის დამოკიდებულების სტანდარტს, რაც ხდება. ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ჩვენ ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ. ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით. თუ რეჟიმი რაღაც გარდაუვალი მოცემულობაა, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი დამოკიდებულებით უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ერთიანი და შეკრული იქნება. ოპოზიციური სპექტრი დაუპირისპირდება ამ გამოწვევებს, რაც დღეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც აქვს, გუშინ მაღალი წნევა ჰქონდა. არ მგონია, რაიმე საფუძველი იყოს იმის, რომ ამის გამო შევწყვიტოთ აქცია. თუ აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად“,- აღნიშნავს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.