„ქართული ოცნება“ ატრიალებს თითქოს, BBC საქართველოს თავს ესხმის, რეალურად BBC საქართველოს თავს არ ესხმის, არც ჩვენ ვამხელთ საქართველოს, ჩვენ ვამხელთ „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერ დროს, თუ კიდევ ოდესმე მომეცემა შანსი, მზად ვარ, „ქართული ოცნება“ ვამხილო თავის დანაშაულებში, - ამის შესახებ ჯგუფურად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა გელა ხასაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მისი საქმისა და დაკავების გარშემოც ისაუბრა. მისი მიმართვის ადრესატი პროკურორი და მოსამართლე იყო.
„რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ეს ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანმა, ვითომ ნეიტრალურმა მოწმემ, ამ ადამიანის ნათესავია, რამდენად ნეიტრალური მოწმე შეიძლება იყოს ბრალდებულის ნათესავი, რომელიც პროკურატურასთან თანამშრომლობს, ალბათ ჩემზე უკეთ, თქვენ გესმით. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, პროკურორს მინდა ვკითხო, მან თქვა, რომ გამოკითხვაზე დამიბარეს და მობილურზე დამირეკეს. ჩემმა უფლებადამცველმა ამოიღო ზარები და არავისგან დაფიქსირებულა ზარი. კითხვა მაქვს, რანაირად აღმოვჩნდი გამოკითხვაზე? გამოკითხვაზე დასაბარებლად მობილურით არ დაურეკავთ და „მაგთიფიქსი“ მე არ მაქვს... პლუს, დალუქულია იმავე შენობაში ნივთები, რომელიც თან მქონდა, ეს არის მალფუჭებადი საკვები -არაჟანი და ა.შ. გქონიათ თუ არა პრაქტიკაში, როცა ადამიანი გამოკითხვაზე მიდის და მსგავსი პროდუქტები უჭირავს ხელში? ბრძანა[პროკურორმა], რომ ჩემთან დარეკა და ეს ჩემს ნომერზე არ დაფიქსირდა, რანაირად მოხდა ეს? განავრცოს, როგორ მოხდა ჩემი გამოკითხვაზე დაბარება. არანაირი დაბარება არ ყოფილა, აქციიდან მივდიოდი სახლში და როგორც კი მაღაზიიდან გამოვედი, მანქანაში ჩამტენეს.
BBC-ის სიუჟეტზეც მინდა რამდენიმე ფაქტი მოვყვე, ეს გამოძიება ორი, სამი, ან ოთხი თვის წინ არ დაწყებულა, გამოძიება თითქმის, ერთი წელია მიმდინარეობს, მათთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა, მათი მხრიდან იყო გაფრთხილება, რომ შეიძლებოდა ამას ჩემს მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაც ზომები მოჰყოლოდა, შეიძლებოდა ამის გამო სამიზნე გავმხდარიყავი, ამას მაფრთხილებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ფილმი მოამზადეს. თუმცა, მე ველაპარაკე, რაც გადამხდა თავს იმ პერიოდის განმავლობაში, როცა დარბევები მიმდინარეობდა. მათი მხრიდან მინიშნებაც კი არ ყოფილა კითხვებში, მესაუბრა თუ რა ზიანი მივიღე დარბევის დროს, წიწაკის სპრეით და ა.შ. რაც მოვყევი იქ იყო ერთი კითხვიდან გამომდინარე - „რა გახსენდებათ დარბევების დროს, როგორ გრძნობდით თავს“?. ყველაფერი რაც მოვყევი, რაც თავს გადამხდა, ის იყო. საერთოდ არ ვიცოდი თემა, რაზე აკეთებდნენ, ვიცოდი, რომ ფილმი პროტესტს, ქართველი ხალხის ბრძოლას ეძღვნებოდა. დანარჩენი, რაც მოვყევი, ჩემი სიტყვებია და მას სრულად ვეთანხმები. ერთადერთ რამეზე მწყდება გული, კიდევ ბევრ მამხილებელ რამეზე ვისაუბრე ე.წ. „ქართული ოცნების“ და სამწუხაროდ, ბევრი რამ ვერ მოხვდა. ადამიანებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თითქოს, მტრულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ ეს ადამიანები, ჩემამდე ჯერ არ მოსულან, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, როცა მექნება შესაძლებლობა, რომ ცივილურ, საერთაშორისო მედიას მივაწოდო ძალადობის ფაქტები, რომელსაც ახორციელებს არა საქართველო, პირველ რიგში ეს უნდა გაიმიჯნოს, მე არ ვებრძვი საქართველოს, მე ვებრძვი „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ ატრიალებს თითქოს, BBC საქართველოს თავს ესხმის, რეალურად BBC საქართველოს თავს არ ესხმის, არც ჩვენ ვამხელთ საქართველოს, ჩვენ ვამხელთ „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერ დროს, თუ კიდევ ოდესმე მომეცემა შანსი, მზად ვარ, „ქართული ოცნება“ ვამხილო თავის დანაშაულებში და აქეთ დავიცვა არამხოლოდ ჩემი თავი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც მუდმივი ტერორის ქვეშ არიან და რა თქმა უნდა, ქვეყანაც დავიფარო, რითაც შემიძლია. აქვე დავამატებ, ჩემი აზრით, სასამართლო უნდა ითვალისწინებდეს მთლიან კონტექსტს, როცა პოლიტიკურ საქმეს განხილავს, ამ კონტექსტში ვგულისხმობ თუნდაც, გუშინ მიღებულ ახალ კანონს. შეიძლება თქვენც დაგეწეროთ საქმე ტროტუარზე დაკავებული ადამიანის და სისხლის სამართლის წესით გასამართლდეს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, ადამიანი ამის გამო ციხეში გაუშვან. ჩემი აზრით, პირველ რიგში, რასაც სასამართლო უნდა აკეთებდეს, არის ის, რომ წინ აღუდგეს ამ ყველაფერს“, -განაცხადა ხასაიამ.