ნონა ქურდოვანიძე - სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ვალდებულია, არამხოლოდ კომპენსაცია გადაუხადოს დაზარალებულებს, ასევე, დაადგინოს სპეცსაშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები

ნონა ქურდოვანიძე - სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ვალდებულია, არამხოლოდ კომპენსაცია გადაუხადოს დაზარალებულებს, ასევე, დაადგინოს სპეცსაშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები

55 წუთის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი RSS
პოსტი ნახა: 83

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რატომ არის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 20-21 ივნისის ღამეზე მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი.

როგორც ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ვალდებულია, არამხოლოდ დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს კონკრეტულ დაზარალებულებს, ასევე, დაადგინოს სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებების დაცვისთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს, მომავალშიც.

„რატომ არის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 20-21 ივნისის ღამეზე მიღებული გადაწყვეტილება ასეთი მნიშვნელოვანი:

ის არამხოლოდ კონკრეტულ დაზარალებულებს უბრუნებს რწმენას, რომ უფლებებისათვის ბრძოლის რთული და გრძელი გზა წარმატებით დასრულდება, ის ასევე, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებების დაცვისთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს, მომავალშიც. ეს საქმე განსაკუთრებით რელევანტურია დღეს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების უფლება იმ უფლებებს შორისაა, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მეტად შეიზღუდა და აქციების ძალადობრივი დაშლის, წამების და სპეციალური საშუალებების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება კვლავაც აქტუალურია.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ვალდებულია, არამხოლოდ დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს კონკრეტულ დაზარალებულებს, ასევე, დაადგინოს სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები.

საქართველო ვალდებულია:

1.არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ;

2.შეიმუშაოს დეტალური სახელმძღვანელო პრინციპები შესაბამისი საშუალების კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლებისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით. შიდა სამართლებრივი ჩარჩო ასევე უნდა მოიცავდეს ეფექტიან გარანტიებს ამგვარი საშუალებების გამოყენებისას თვითნებური ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

3.კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, სიცოცხლისა და ფიზიკური დაზიანების რეალური და მყისიერი საფრთხის საპასუხოდ;

4.კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურად მიზანმიმართულ შემთხვევებში და არა, როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება;

5.მათი განთავსება უნდა მოხდეს იმგვარად (კონკრეტული საშუალების ტექნიკური მახასიათებლების სათანადო გათვალისწინებით), რომ მიზანმიმართულ შემთხვევებშიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს;

6.არ უნდა გამოიყენებოდეს მრავალკომპონენტიანი საშუალებები და არც ლითონის შემცველი ტყვიები;

7.კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენებას როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი გაფრთხილება;

8.კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადო გადამზადება აქვთ;

9.კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენება უნდა დაექვემდებაროს მკაცრ ბრძანებასა და კონტროლს.

და რომ გავიხსენოთ, რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს:

პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კინეტიკური იარაღის გამოყენება დაიწყო ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მართავდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მიღმა, შსს-მ უკანონოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციაზე მყოფი პირების მიმართულებით, დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლა. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების ხანგრძლივმა და დამიზნებით გამოყენებამ, მათთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობამ და პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მიერ ექვს საათზე მეტ ხანს განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა, 200-ზე მეტ ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი. დაშლის ოპერაცია თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. პოლიციამ 800-ზე მეტი რეზინის ტყვია გახსნა. ოფიციალურად დარეგისტრირდა 187 მოქალაქისა და 38 ჟურნალისტის დაზიანება პოლიციის მოქმედებების შედეგად. ზოგმა თვალი დაკარგა. სხვებს სახის ძვლები დაუზიანდათ რეზინის ტყვიების გამო.

ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, დღეს საია-ში გავიხსენეთ, როგორ ვიწყებდით ამ საქმეებზე მუშაობას, აქციის დარბევისთანავე, დავიწყეთ დაკავებულების და დაზარალებულების ძებნა იზოლატორებში, სასამართლოში ვიცავდით 80-მდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს და დაზარალებულ პირებს საავადმყოფოებში ვპოულობდით.

ძალიან გვიხარია, რომ 6 წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო. დიდი მადლობა საია-ს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ 6 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მუშაობდა 20-21 ივნისს დაზარალებული პირების საქმეებზე. ასევე, მადლობა, ჩვენს პარტნიორს, European Human Rights Advocacy Centre (EHRAC)-ს, რომელთან ერთადაც ვაწარმოებდით ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში",- წერს ქურდოვანიძე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე