გერმანია რუსული თხევადი გაზის გადამზიდავი ტანკერებისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა, მაგრამ რუსული თხევადი აირის შესყიდვას ევროკავშირის სხვა ქვეყნების მეშვეობით ახერხებს. გერმანიის ეკონომიკა, ენერგეტიკული კრიზისის გამო, სერიოზულ სირთულეებს განიცდის.
ამის შესახებ უკრაინული და ბელგიური ანალიტიკური ცენტრების, Razom We Stand-ის და Bond Beter Leefmilieu-ს, ასევე გერმანული გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, Deutsche Umwelthilfe-სა და Urgewald-ის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ენერგოკომპანია Sefe-მ, რომელიც ადრე „გაზპრომს“ ეკუთვნოდა და 2022 წელს ნაციონალიზაციას დაექვემდებარა, საფრანგეთის პორტ დიუნკერკიდან 58 გადაზიდვა განახორციელა და გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, ექვსნახევარჯერ მეტი თხევადი გაზი შეიძინა.
2023 წელს ევროკავშირმა 13,35 მილიონი ტონა რუსული თხევადი გაზის იმპორტირება მოახდინა, ხოლო 2024 წელს - 15,93 მლნ ტონის, ანუ 19,3%-ით მეტის. ევროკავშირში, მთლიანობაში, თითქმის 30 მილიონი ტონა რუსული თხევადი აირი შევიდა, საიდანაც 2,55 მილიონი ტონის ექსპორტი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან განხორციელდა.
„ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ რუსული თხევადი გაზის ექსპორტირება ჯერ ბელგიის პორტებში ხდება, სადაც ის რეგაზიფიცირების პროცესს გადის და შემდეგ მილსადენებით ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იგზავნება. გერმანიის ოფიციალურ მონაცემთა ბაზებში მას, ჩვეულებრივ, „ბელგიურ გაზად“ მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბელგია საკუთარ გაზს არ აწარმოებს.
ამავდროულად, ბრიუსელი არის რუსული თხევადი აირის უმსხვილესი მიმღები ესპანეთთან და საფრანგეთთან ერთად. სამივე ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული გაზი თითქმის აღარ დარჩათ, რადგან ის ქვეყნის შიდამოხმარებისთვის დაიხარჯა.
რუსულ თხევად გაზზე დაწესებული სანქციები
„რადიო თავისუფლების“ რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტი ალუმინის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების და თხევადი გაზის იმპორტზე დაწესდება. სანქციები ასევე შეეხებათ რუსულ ბანკებს და „რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს“.
16 იანვარს, ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (Suspilne) გაკეთებულ კომენტარში დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტს ამზადებს.
ევროკავშირმა მიზნად დაისახა, რომ 2027 წლისთვის მთლიანად თქვას უარი რუსულ გაზზე. სავარაუდოდ 26 მარტს, ევროკომისია გამოაქვეყნებს რუსული თხევადი აირის მარაგების ეტაპობრივი შემცირების გეგმას. ეს საგზაო რუკა უნდა ასახავდეს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსული საწვავის სრული ბოიკოტისკენ უნდა გადადგან.