ღალატი არის ის, როდესაც ხალხს წარმომადგენლის გარეშე დატოვებ საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში - როდესაც ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები ბრძოლის ველიდან, ხალხს მოუწოდებ, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ და საერთოდ არ ხსნი რატომ მოიქეცი ასე, ეს საჩუქარი რატომ გაუკეთე „ოცნებას“, ეს არის ღალატი, ქალბატონო სალომე-თქო, გადაეცით ჩვენგან, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიორგი შარაშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც მათ „მოღალატეები“ უწოდა.
მისი თქმით, ისტორია კარგად შეაფასებს - ვინ არის რეალურად მოღალატე.
„ღალატი არის ის, როდესაც ხალხს წარმომადგენლის გარეშე დატოვებ საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში. როდესაც ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები ბრძოლის ველიდან, ხალხს მოუწოდებ, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, მოვიდნენ რუსთაველზე, სადაც მშვიდობიანი დამხობაა დაანონსებული და ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებ და საერთოდ არ ხსნი რატომ მოიქეცი ასე, ეს საჩუქარი რატომ გაუკეთე „ოცნებას“, ეს არის ღალატი, ქალბატონო სალომე-თქო, გადაეცით ჩვენგან, სანამ ჩვენს ღალატზე ვინმე ისაუბრებს. და ამას კიდევ ისტორია კარგად შეაფასებს - ვინ არის რეალურად მოღალატე”, - განაცხადა შარაშიძემ.
ამავე თემაზე საუბრისას შარაშიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილმა „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლება და 64-ვე მერის თანამდებობა „ლანგარზე მიართვა“.
„სწორედ ეს ვთქვი - ღალატი დავარქვი იმ ქმედებას, რა ქმედებამაც მოიტანა „ოცნების“ კიდევ უფრო გაძლიერება. 64-ვე მუნიციპალიტეტში „ოცნებას“ 4 წლით ძალაუფლებას რომ აჩუქებ, 64-ვე მერის თანამდებობას ლანგარზე რომ მიართმევ, ხალხს რეგიონებში 64-ვე მუნიციპალიტეტში ოპოზიციური წარმომადგენლებისგან დაცლილს რომ დატოვებ ეს არის ღალატი. და არა ის უმწვავესი ოპონირება, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ პარლამენტში „ოცნების“ წინააღმდეგ. პოლიტიკური პროცესი ეს არის. არავინ არ დაჰპირებია არავის, რომ ჩვენ 12 მანდატით „ოცნების“ უმრავლესობის 89 დეპუტატს დავძლევდით. მინდა გითხრათ, რომ 61 დეპუტატიც რომ ყოფილიყო და სრულად შემოსულიყო ოპოზიცია, ეს სამწუხაროდ მაინც ვერ მოხდებოდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი გაცილებით აქტიური იქნებოდა. ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციის გასაკეთებელს ვაკეთებთ ეს 12 ადამიანი. ვიდრე სხვის ღალატზე ისაუბრებენ, საკუთარ მოღალატეობრივ მოქმედებაზე გაგვცენ პასუხი და ზოგადად რა შედეგი დააყენეს ამ ქვეყანაში 4 ოქტომბრის შემდეგ, ამაზე ისაუბრონ“, - განაცხადა შარაშიძემ.
კითხვაზე, სად არის პარტიის ლიდერი გიორგი გახარია და რას ამბობს სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე, შარაშიძემ უპასუხა, რომ მათი ლიდერის ხედვა მათი გუნდის პოზიციის იდენტურია.
„რასაც ჩვენ ვამბობთ, იმავეს. ისიც ჩვენზე კარგად ხედავს ამ პროცესებს იქიდან. და რაც შეეხება მის აქტიურობას, პლატფორმა X-ზე ნახეთ გუშინდელი პოსტიც კი, არა თუ ხუთი დღის წინანდელი”, - აღნიშნა შარაშიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, როდესაც ხალხის კითხვებს პასუხობდა, აღნიშნა, რომ პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, ესენი არიან მოღალატეები.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთობას მაინც მიაღწევს.