ამ საქმეებზე, ადრე თუ გვიან, ყველას მოეთხოვება - თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება, დამიჯერეთ. ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის, ჩემი პროკურორის, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ის გამოძიებას ყველა დეტალს შეატყობინებს, „რათა კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს მთელი სახელმწიფო”.
მისივე თქმით, ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან.
„არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი.
დღეს, ამას კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს. ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.
საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებებითა და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა შეჩერებული იყო ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა სრულად პოლიტიკურია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამით დაარღვიეს არა მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა, ამასთან იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი.
მე თქვენ გთხოვთ, რომ ჩემი ეს განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანა ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, პირდაპირ გეტყვით. დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს. ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ. ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის. ჩემი პროკურორის“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.