თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით კიდევ ერთი, ამჯერად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო, დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალზე, რომელიც "მტკვარი ჰესის" საქმეს ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.