გიორგი ვაშაძე მოსამართლეს - თვლით თუ არა თქვენს თავს ნოტარიუსად? თქვენს შიშს, წულუკიანის მოყვანაზე, რამდენი ქულით შეაფასებთ? - თუ ფორმალურად მაინც აპირებთ, დაიცვათ სასამართლო, ტესტი უნდა ჩააბაროთ

გიორგი ვაშაძე მოსამართლეს - თვლით თუ არა თქვენს თავს ნოტარიუსად? თქვენს შიშს, წულუკიანის მოყვანაზე, რამდენი ქულით შეაფასებთ? - თუ ფორმალურად მაინც აპირებთ, დაიცვათ სასამართლო, ტესტი უნდა ჩააბაროთ

27-05-2025 14:30
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 373

თავს დამნაშავედ არ ვცნობ - თვლით თუ არა თქვენს თავს ნოტარიუსად? რატომ გეშინიათ წულუკიანის მოყვანის? თქვენს შიშს წულუკიანის მოყვანაზე ერთიდან ათ ქულამდე, რამდენი ქულით შეაფასებთ?- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოსამართლე ნატო ხუჯაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.

საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რაზეც ვაშაძეს გირაო აქვს შეფარდებული.

დღევანდელ პროცესზე გადაწყდება საქმე არსებით განხილვაზე გადავა თუ არა. დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ მიიჩნევს და კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დასაკითხ პირთა სიაში შეყვანას ითხოვს. ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ის, რომ კომისიის წევრები არ არიან დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი, პროკურატურის გულგრილობაა, სხვანაირად შეუძლებელია. არ არსებობს ამ პირთა დასაკითხი სიიდან ამოღების არანაირი საფუძველი. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ წულუკიანის დაკითხვას მის მიერ წარმოებულ ზიზღის კამპანიაზე, რუსეთის გზაზე დადგომაზე?“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამის შემდგომ მოსამართლე ნატო ხუჯაძეს იგივე მოთხოვნით გიორგი ვაშაძემაც მიმართა.

„თუ ფორმალურად მაინც აპირებთ რომ დაიცვათ სასამართლო, თქვენ ტესტი უნდა ჩააბაროთ. როგორ შეიძლება ადამიანს ბრალი წაუყენო გარკვეულ პირთა მოთხოვნით და ის ადამიანები არ დაკითხო სასამართლოში?! ამიტომ ეს არის ძალიან კონკრეტული ტესტი, რომელიც თქვენ უნდა ჩააბაროთ და თქვათ, რაში მედავებიან. მათ გამო ვზივარ აქ, მათ რომ არ მიემართათ პროკურატურისთვის, აქ ხომ არ ვიქნებოდი? ამ ყველაფრის ერთადერთი მიზეზი არის პოლიტიკური დავალება. ასევე, ხართ თუ არა თქვენ დამოუკიდებელი მოსამართლე? მე ამის დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ პასუხს მოვისმენ.

ქალბატონო ნატო, რა განსხვავებაა ნოტარიუსსა და მოსამართლეს შორის? ნოტარიუსები იღებენ ერთნაირ გადაწყვეტილებას, მოსამართლეები კი ერთმანეთისგან განსხვავებულს. თქვენ ხომ არ გიწერიათ, რომ ამ საკითხზე ყველა მოსამართლემ ერთნაირი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აქედან გამომდინარე თქვენ თავს თვლით თუ არა ნოტარიუსად? რისი გეშინიათ, წულუკიანის მოყვანის? თქვენს შიშს წულუკიანის მოყვანაზე ერთიდან ათ ქულამდე რამდენი ქულით შეაფასებთ?“,- მიმართა მოსამართლეს გიორგი ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ დასაკითხ პირთა სიიდან თეა წულუკიანის და კომისიის სხვა პირთა ამორიცხვას პროკურატურა ითხოვდა, რაც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე