გორის "დილა" სადისციპლინო კომიტეტს მიმართავს თხოვნით, ჯაბა კანკავას წითელი ბარათი გაუუქმოს. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურ განცხადებაში დაწერა.
"უპირობო პატივისცემა ჯაბა კანკავას მიმართ ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლისთვის. ასევე პატივისცემა დინამო თბილისის ყველა ფეხბურთელს. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ სადისციპლინო კომიტეტს ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გაუქმების თაობაზე. იდენტიფიცირებულია ინციდენტში მონაწილე პირები. მატჩის შემდეგ მოხდა შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას დროული რეაგირებისთვის და მაღალი რისკის თავიდან აცილებისთვის. თამაშის დასრულების შემდეგ დინამოს სრული შემადგენლობა მივიდა კონფლიქტის ტრიბუნასთან, საიდანაც აპლოდისმენტები და პატივისცემა მიიღეს, რაც მიუთითებს გორელი გულშემატკივრის სწორი ფასეულობების ქონას", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დინამო" თბილისისა და გორის "დილას" მატჩის მიმდინარეობისას ჯაბა კანკავას გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც კანკავას გაღიზიანება მოჰყვა. დღეს, მომხდარ ინციდენტს "დინამო" გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.