გრიგოლ გეგელია - რამდენიმე ძლიერი დარტყმა მომაყენა თავის არეში - ეს პირი იდენტიფიცირებულია

გრიგოლ გეგელია - რამდენიმე ძლიერი დარტყმა მომაყენა თავის არეში - ეს პირი იდენტიფიცირებულია

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა შემთხვევა
პოსტი ნახა: 179

„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მას თავს ერთი პირი დაესხა, რომელიც სამართალდამცავების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გეგელია აცხადებს, თავდამსხმელმა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის არეში მიაყენა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება პირმა პოლიტიკურ ნიადაგზე განახორციელა.

„ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე ვიმყოფები, ეს პირი იდენტიფიცირებულია. რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ ზომას გამოვიყენებ მის წინააღმდეგ. „ტიტუშკებმა“ უნდა გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში ბოგინი არ გამოუვათ, ეს ქვეყანა ამას არ შეეგუება, ჩვენ არ ვართ ასეთი ხალხი და არც კულტურა გვაქვს ასეთი, რომ ქუჩაში ერთმანეთს თავში ვურტყათ, ეს არ არის არც ქართული, არც წესიერი, არც კანონიერი და არც კაცური.

სახლთან ახლოს, ეზოში, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ვეწერებოდი, როგორც ჩანს, ეს პირი უკვე იქ იყო მობილიზებული, აღმართზე ფეხით ასვლისას, ნელი სვლით მანქანა მომიახლოვდა, მძღოლს უკვე ჩართული ჰქონდა ვიდეო, აწარმოებდა გადაღებას, საუბარი პოლიტიკური თემებით დაიწყო, ჯერ მანქანიდან მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ყველა შესაძლო ხერხით სცადა სიტუაციის ესკალაცია, შემდეგ დატოვა მანქანა, გადმოვიდა, ჩემკენ გამოეშურა და თავის არეში მომაყენა რამდენიმე დარტყმა. ტერიტორია საკუთარი მანქანით დატოვა“, - აცხადებს გეგელია.

მისივე განმარტებით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირება ჰქონდა.

„რეაგირება ნამდვილად დროული იყო, ძალიან მალევე გამოცხადდა სასწრაფო, ასევე მალე პოლიციის სამი პოლიციელი მოვიდა, რეაგირება ადეკვატური და სრულიად დროული იყო. იდენტიფიცირებაში მანქანის ნომრით დავეხმარე. პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩამიტარდა, ვსაჭიროებ შემდეგ, უფრო სიღრმისეულ კვლევას, რადგან თავის არეში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მომაყენა.

ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო, მან თავიდანვე მკითხა - შენ ხომ პოლიტიკოსი ხარო? ხშირია, როცა საზოგადოების წევრებს კითხვები აქვთ, ჩვენც ამისთვის ვართ, რომ ვუპასუხოთ. ასე რომ, როგორც პოლიტიკოსს, ასე მომმართა და როგორც პოლიტიკოსს, ისე დამიპირისპირდა წმინდა პოლიტიკური თემებით“, - განაცხადა გეგელიამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე