გრიგოლ გეგელია - სანქციები უკვე სხვადასხვა წრეს მოიცავს - მინდა, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, გაიაზროს, რომ მათი საქმეები დასავლეთისთვის ცნობილია - მოუწევთ „ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა

გრიგოლ გეგელია - სანქციები უკვე სხვადასხვა წრეს მოიცავს - მინდა, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, გაიაზროს, რომ მათი საქმეები დასავლეთისთვის ცნობილია - მოუწევთ „ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა

18 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 357

ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე პირები მყარად გაიზიარებენ, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესება.

როგორც გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ყველა სანქცირებული პირი ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იქნება.

„დასავლეთის მიერ სანქცირებული ხელისუფლება ჩინეთში გაიძურწა. გუშინ ლიეტუვამ გააფართოვა სანქცირებულ პირთა სია, რომელიც აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, არამედ უკვე შეიცავს მოსამართლეებს, ანტიკორუფციულ ბიუროს და სხვადასხვა წრეებს. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შედეგად, სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს. მინდა ყველა ცრუ მოწმემ, პოლიციის თითოეულმა ოფიცერმა, რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ყველა იმ პირმა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ თანაზიარია იმ ბოროტმოქმედების, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩადის, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზროს, რომ მათი სახელები და საქმეები დასავლური სახელმწიფოებისთვის ცნობილია. შესაბამისად, ისინი იქნებიან იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა. ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე პირები მყარად გაიზიარებენ“,-აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ამავე დროს, ის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “დასავლეთისგან სანქცირებული „ქართული ოცნება“ ჩინეთში გაიხიზნა“.

„ოფიციალური ვიზიტისას გამოფენილი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ პარტია კომუნისტურ პარტიას ეწვია. დადებითია, რომ როგორც იქნა, ბატონი ვოლსკი დაუბრუნდა საკუთარ კომუნისტურ ფესვებს. თუმცა, სავალალოა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს ჩინეთის წარმოჩენას დასავლეთის საპირწონე სტრატეგიულ პარტნიორად. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კომუნისტური ჩინეთი არ და ვერ იქნება ევროპული კავშირისა და ნატო-ს საპირწონე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. წმინდად კომუნისტურ ტრადიციაში, „ქოცები“ გვამცნობენ, რომ თურმე პარტიების შეხვედრის მიზანი ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ რუსულ-ჩინურ მენტალობაში, პარტია და სახელმწიფო ტოტალურად არის აღრეული ერთმანეთში. პარტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპელი სოციალისტების წევრი იყო, საიდანაც ის გამოაგდეს, დღეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთანაა ჩახუტებული. პარტია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სვლას ჰპირდებოდა, დღეს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად აღიარებულია, როგორც კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მომუშავე პარტია. იმ ფონზე, როდესაც რეგიონული სახელმწიფოები, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ შეთანხმებებს აფორმებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების გასამტკიცებლად; იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ადგილი აქვს ისტორიული მასშტაბის ძვრებს, ახალ სამშვიდობო შეთანხმებებს და ახალი ტრანზიტული გზების ფორმირების პროცესს, საქართველო სრულად გამოთიშულია ყველა დადებითი პროცესიდან. ეროვნული ინტერესების ლობირების ნაცვლად, ხელისუფლება, რომელმაც მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი და საქართველოს განვითარების პერსპექტივა, დღეს უკვე ღიად ეფლირტავება ისეთ ავტოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელიც ევროპული კავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ იღვწიან. სწორედ ეს არის რუსული ამოცანა - საქართველო, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სუვერენული საგარეო ხმა, რომელიც მტერს „მოყვარეს“ უწოდებს, ხოლო მოყვარეს „მტერს“, რომელიც ათავისუფლებს საუკეთესო პროფესიონალებს და პატრიოტებს საგარეო უწყებიდან და ხელს უწყობს ქართული საგარეო და ეროვნული ინტერესის სრულ კვდომას. დღეს „ქართული ოცნება“ ასრულებს რუსული საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციას და სწორედ ამიტომ, თითოეულმა პატრიოტმა ქართველმა ყველაფერი უნდა იღონოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად, უკლებლივ ყველა ფრონტისა და ინსტრუმენტის გამოყენებით“,-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. უფრო კონკრეტულად, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს, პროკურორ მარი მეშველიანს, პროკურორ ნათია ტატიაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს. საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე