ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქეთ გაურბის ხალხი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს „ლელოში“ და ამის ბრალია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას ახლა ყველაზე ცუდი ტაქტიკა აქვს არჩეული.
„ვფიქრობ, ახლა ოპოზიციას ყველაზე ცუდი ტაქტიკა აქვს არჩეული, რომ ორმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა და ორმა, ვინც მონაწილეობს, იმათ აგინოს. მგონი, ეს ყველაზე უარესი ამბავია. მეხუთე პრეზიდენტი თუ მართლა გულწრფელად არის მომხრე, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა გავიდეს არჩევნებზე, უფრო ომახიანი უნდა იყოს მოწოდებაში და უფრო კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს „ლელოს“, ნუ დაარღვევს ძვირფას ოპოზიციურ ერთობას. დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ მთავარი სტიმულატორი არის ის, რომ არჩევნებზე „ლელო“ გავიდეს საპატიო მეორე ადგილზე, თუმცა ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამის მიმართ. ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქით გაურბის ხალხი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს „ლელოში“ და ამის ბრალია. ამ ტაქტიკით ვერ მიაღწევენ მიზანს, რაც არ უნდა მიზანი ჰქონდეთ. ჩემი აზრით, მეტი უნდა დახარჯონ, უფრო ხელგაშლილი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტია, რომელსაც ბევრი ფული აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რატომ შეიცვალა „ლელომ“ პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ხვიჩიამ აღნიშნა:
„ჩვენ პარტიაში გვაქვს განსხვავებული აზრი, სულ ორი ვერსია შეიძლება, იყოს. ეს მოგდის მაშინ, როცა ან სულელი ხარ ან მოსყიდული. „ლელოს“ შემთხვევაში რთულია, ცალსახად თქმა, რადგან ფული თავისიც აქვს „ლელოს“, მაგრამ მეორე არგუმენტს, ან ერთი ან მეორე, ან მესამე ვერ დაემატება, გამორიცხულია. ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთს როდესაც შორდებიან პოლიტიკური კოალიციები თუ პარტიები, ამის მიზეზებზე არ ლაპარაკობენ. გეგონება, ეს იყოს პირადი დაშორება და არა პოლიტიკური და არ იყოს ვალდებულება, რომ საზოგადოებას აუხსნა, რა გქონდა ადრე საერთო, რამ გაგყო ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს, როცა ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ვამზადებდეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ, დიდ ქალაქებში მაინც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.