ილჰამ ალიევი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - დანაშაულის აღიარება, დროული ბოდიშის მოხდა - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო, სამწუხაროდ, პირველი 3 დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია

ილჰამ ალიევი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - დანაშაულის აღიარება, დროული ბოდიშის მოხდა - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო, სამწუხაროდ, პირველი 3 დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია

29-12-2024 16:19
კატეგორიები: მსოფლიო

ის ფაქტი, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სავსე იყო ნახვრეტებით, მთლიანად ხსნის დღის წესრიგიდან ჩიტებთან შეჯახების თეორიას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, რუსეთში ზოგიერთმა წრემ ამ თეორიის წამოყენება ამჯობინა. ჩვენთვის კიდევ ერთი სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის აფეთქების შესახებ. ანუ ამან ნათლად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურდა ამ საკითხის გადაფარვა, რაც, რა თქმა უნდა, არავის არ ეკადრება. რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრინავს შემთხვევით დაარტყეს. რა თქმა უნდა, აქ მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტზე საუბარი არ შეიძლება. ამიტომ, დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის დროული ბოდიშის მოხდა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა რუსულ მხარეს მკაფიო მოთხოვნები წარუდგინა.

„ეს მოთხოვნები მათ ოფიციალურად 27 დეკემბერს ეცნობათ. რისგან შედგება? პირველ რიგში, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორე, მან უნდა აღიაროს თავისი დანაშაული. მესამე, პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ასევე დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს კომპენსაცია გადაუხადონ. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ შესრულდა. იმედია სხვა პირობებსაც მიიღებენ. ყველა ეს მოთხოვნა სამართლიანია. აქ არ არის საგანგებო მოთხოვნები და საკითხები; ეს ყველაფერი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და ნორმალურ ადამიანურ ქცევას“, - აღნიშნა ალიევმა.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. მედიის ინფორმაციით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

პოსტი ნახა: 269


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!