მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და დაუბრუნდება ღირსება. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
„მინდა, მიხეილ ყაველაშვილს მივულოცო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში.
20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ, რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ხელოვნურად დაესუსტებინათ ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი. ამისათვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც აგრე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.