ეს ფაქტობრივად საბოლოო მონაცემებია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეადგინა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრების უფლება მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირებს გააჩნია კანონმდებლობის თანახმად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურის დასაკვირვებლად რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაცია, კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ ეს პარლამენტთან თანხმდებოდა.
„რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობას, აღსანიშნავია, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენდა, ეს საკითხები თანხმდებოდა საქართველოს პარლამენტთან იქიდან მომდინარე, რომ ამ შემთხვევაში დამკვირვებელი ორგანიზაციების აკრედიტაციის პროცესი თავად არ არის გათვალისწინებული. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორი დიდი წარმომადგენლობაა მედიაორგანიზაციების საშუალებების ამ პროცესზე, რომლებმაც სათანადო მომართვის საფუძველზე მოიპოვეს უფლება, დაჰკვირვებოდნენ და ეს პროცესი გაეშუქებინათ. ამიტომ, ჩემთვის, დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხრიდან ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო კონკრეტული ორგანიზაციისთვის დასწრების შესაძლებლობის მიცემაზე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეტყვით მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არალეგიტიმურ პროცესში მიიღეს მონაწილეობა, კალანდარიშვილი ასე პასუხობს:
„პროცესი კანონმდებლობის სრული ნორმათა დაცვით განხორციელდა, ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ნაწილში, რომელიმე აქტივობაში კანონი დაირღვა. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ასეთი შეფასებები. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს და პოლიტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანს არ წარმოადგენს და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ ჩართული მხარეების, სხვადასხვა მხარეების შეფასებები სხვადასხვა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, შევაფასო. ჩვენთვის სახელმძღვანელოა, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების დოკუმენტები, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის დასკვნა, ისევე როგორც ამერიკული, თუ ევროპული ინსტიტუტების მიერ დაწერილი დასკვნები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან და შემდეგ განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში ცალსახად საუბრობს იმაზე - წინასწარ შეფასებები მაქვს მხედველობაში, სადაც არჩევნების ტექნიკურად გამართულობაზე და კარგად ადმინისტრირებაზე არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ წუხილებზე და გარკვეულ რეკომენდაციებზეა საუბარი, ეს არ არის ის ნაწილი, რომელსაც შეეძლო რამე გავლენა მოეხდინა, ან რამე სისტემურ გადაცდომაზე ესაუბრა... ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ასევე სახელმძღვანელო სხვადასხვა ჩართული მხარეებისთვის, როცა გარკვეული ტიპის შეფასებებს აკეთებენ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, რამე მტკიცებულება, ფაქტი უნდა არსებობდეს და არა ვარაუდები, დეზინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, არჩევნების მანიპულაცია განხორციელდა.
სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, უწყება ვართ, რომლის საქმიანობას, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღის ადმინისტრირებაზე განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენციის ჭრილში დადებითად არის შეფასებული“, - განაცხადა კობახიძემ.