„გუშინწინ ამოიწურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და საბოლოოდ გაირკვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი ორი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა" და „ახალი" - არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მეტიც, არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, ხოლო ორი პარტია - „ლელო" და „საქართველოსთვის" - არჩევნებში მონაწილეობს. ამ ორმა პარტიამ 64-დან 37 საარჩევნო ოლქში შეძლო მერობის კანდიდატის დასახელება.
როგორც მოგეხსენებათ, კვლავაც დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის საკითხი. ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწვევდით ეუთო/ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ.
ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო, ეუთო/ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის, ეუთო/ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში უპატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს.
სამწუხაროდ, ასეთია ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში - კოლექტიური "ნაცმოძრაობა" იმარჯვებს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატია და ხალხის ნება მათი აგრესიული თავდასხმის ობიექტი ხდება, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც ვიხილეთ. ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით, ეუთო/ოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არც ჩვენი მოწოდების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა ეუთო/ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.
ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას", - განაცხადა პრემიერმა.