თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, მსგავსი ინიციატივაც კი აკნინებს დიდ ბრიტანეთის იმიჯს.
„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი დღესავით არის ნათელი. იცით, რომ შესაბამისი პროექტი არის ინიციირებული ბრიტანეთის თემთა პალატაში, რა თქმა უნდა, თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით მე-17-საუკუნეში დიდ ბრიტანეთში შეიქმნა პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების განვითარებას. სხვათა შორის ეს უფლებები უკავშირდებოდა საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს, ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე მიმდინარეობს საუბრები ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდ ბრიტანეთს, ამ ტრადიციული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თვალში, რაც არის სამწუხარო. ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა“,- განაცხადა კობახიძემ.