ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას განაგრძობს

ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას განაგრძობს

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

პრემიერ - მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველო, კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას განაგრძობს.

სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - 2025-2028“ ასევე ნათქვამია, რომ მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იწარმოებს დაბალანსებულად და დამყარებული იქნება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებზე.

ამავე დოკუმენტით, საქართველო კვლავაც ურყევად განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ დიპლომატიურ მხარდაჭერას.

“საქართველო, კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას. ამისათვის, საქართველო:

განუხრელად განაგრძობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროკავშირთან როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების საშუალებით; წარმართავს ევროკავშირთან თანამშრომლობას საქართველო-ევროკავშირის ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში (ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და ქვეკომიტეტები და ა. შ.);

პროაქტიულად განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების იდენტიფიცირებასა და მათთან დაახლოების პროცესის მონიტორინგს. უზრუნველყოფს სამართლებრივი დაახლოების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვას;

შექმნის ევროკავშირის სამართლის ცენტრს, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის სამართლის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგის ექსპერტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების ჩართულობით;

ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით, აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებულ ინსტრუმენტებსა და თანამშრომლობის ფორმატებს, ასევე ევროკავშირის სხვა რეგიონალური პროექტებითა და პროგრამებით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს;

გააგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მიზნით; გამოიყენებს ევროპულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ყველა საშუალებას და შეეცდება მათთან ერთად მოხსნას არსებული ხელისშემშლელი ხელოვნური ბარიერები;

გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის მიმართულებით. აქტიურად იმუშავებს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში წარმოდგენილი საფლაგმანო ინიციატივების, უწინარესად, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების პროექტების ხორცშესხმისათვის, მათ შორის, ანაკლიის პორტისა და ამ პორტში როგორც სატვირთო ტერმინალების, ისე მგზავრების მომსახურების შესაძლებლობის მქონე საზღვაო ვაგზლის მშენებლობის გზით; გააგრძელებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ფიზიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად ახალი ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების მოსამზადებლად; ამ მიზნით, შეეცდება „შუა დერეფნის“ მზარდი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას;

გაააქტიურებს ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიზნით მიმართულ ძალისხმევას; აღნიშნული მიმართულებებით შემდგომი პროგრესის მისაღწევად, განხორციელდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები, მუშაობა გაგრძელდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ევროკავშირის სამსახურების ჩართულობით ყველა შესაბამის ფორმატში;

გააგრძელებს ძალისხმევას გაფართოების პაკეტის შესაძლებლობების გამოყენებისა და ევროკავშირის სხვადასხვა თანამშრომლობის მექანიზმსა და ინიციატივებში ეტაპობრივად ჩართვის მიზნით;

გააგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის ხელშეწყობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და ამასთან, განიხილავს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში სამშვიდობო მისიებში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას;

გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან, ინტეგრაციის შემდგომი ეტაპებისთვის მაღალი მზადყოფნის უზრუნველყოფისა და შესაბამისი რეფორმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

გააგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად; ამ მიზნით, საქართველო შეასრულებს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას;

განაგრძობს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატის, როგორც ალიანსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტის, ეფექტიან გამოყენებას;

გააგრძელებს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას;

განაგრძობს 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებული, საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა (Tailored Support Measures) პაკეტის განხორციელებას, მათ შორის განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გზით;

გააგრძელებს ალიანსთან თანამშრომლობას ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის (ITTP – Individually Tailored Partnership Programme) ფარგლებში;

“გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორის“ (EOP) სტატუსით განაგრძობს მონაწილეობას ალიანსში გამართულ სხვადასხვა მნიშვნელოვან ფორმატში;

იმუშავებს, რათა შესაბამის დონეზე იქნეს წარმოდგენილი ნატოს სამიტებში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტერიალებში;

განაგრძობს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ალიანსთან კონსულტაციებს, რეგიონში არსებული ვითარების ანალიზისა და ინფორმაციის გაზიარების გზით;

ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოებასა და მდგრადობის უზრუნველყოფას;

აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ალიანსის წევრ ქვეყნებთან მათი მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე, ორგანიზაციის პოლიტიკურ დოკუმენტებში ასახული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიზნით“, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში.

პოსტი ნახა: 45


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!