ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ირანის დაზვერვის მინისტრმა, ისმაილ ხატიბიმ განაცხადა.
ირანის დაზვერვის მინისტრის, ისმაილ ხატიბის ცნობით, საუბარია ათასობით დოკუმენტზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს, ბირთვულ ობიექტებსა და აშშ-თან და ევროპასთან მის ურთიერთობებს ეხება.
„ამის გადაცემას დრო დასჭირდება და ეს ძლიერ უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს. გადაცემის მეთოდები კონფიდენციალური დარჩება, მაგრამ დოკუმენტები მალე უნდა გამოქვეყნდეს“, - განაცხადა ხატიბიმ.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის დოკუმენტაციის მოპოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
ისრაელს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.