ისრაელის ძალებმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი Madleen-ი და მასზე მყოფი 12 ადამიანი დააკავეს, როდესაც გემმა ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის შვედი გარემოსდამცველი და აქტივისტი, გრეტა თუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, გემი, რომელსაც პროპალესტინური „თავისუფლების ფლოტილიის კოალიცია“ (FFC) მართავს, ღაზაში სიმბოლური დახმარების ჩატანას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას გეგმავდა.
ორგანიზაცია FFC-მ განაცხადა, რომ გემი „უკანონოდ დააკავეს, მისი უიარაღო სამოქალაქო ეკიპაჟი გაიტაცეს და მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტვირთს, მათ შორის ბავშვების საკვებს, საკვებს და სამედიცინო მარაგის კონფისკაციას გაუკეთეს“.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ Madleen-ი ისრაელის კონტროლის ქვეშაა და დასძინა, რომ მისი მგზავრები, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდებიან. უწყებამ გემს „სელფის იახტა“ უწოდა და განაცხადა, რომ ყველა მგზავრი უსაფრთხოდ და უვნებლად არის და რომ ბორტზე არსებული დახმარება ღაზაში რეალური ჰუმანიტარული არხებით გაიგზავნება.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა კვირას განაცხადა, რომ სამხედროებს უბრძანა, Madleen-ის ღაზაში შესვლაში აღეკვეთათ. მან მისიას „ჰამასის“ მხარდამჭერი პროპაგანდისტულ მცდელობად უწოდა. ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ბლოკადა აუცილებელია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რადგან ის „ჰამასის“ განადგურებას ისახავს მიზნად.