იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია, გარეთ ხმაურის პარალელურად წარიმართა. შენობასთან შეკრებილები იყვნენ და აქცია გამართეს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა.
კონფერენციის დასრულების შემდგომ მოსამართლეთა ნაწილმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობა საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვეს. ადგილზე მყოფები სკანდირებდნენ „მონებო, მონებო“.
ასევე, აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ მათი შვილების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, კერძოდ კი: ნინო გალუსტაშვილის, დავით მამისეიშვილის, თამარ მჭედლიშვილის, ნინო სახელაშვილის, ნათია გუდაძის და სხვების.
მშობლების განცხადებით, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.
„გვინდოდა გვეკითხა, თვლებში ჩაგვეხედა, რაღაც შეკითხვები დაგვესვა, მაგრამ ეშინიათ. ხედავთ, რამდენი პოლიცია დგას, ე.ი ეშინიათ. ესენი ვერც კაფეში, ვერც მაღაზიაში შევლენ, თავისუფლად ვერც ქუჩაში გაივლიან იმიტომ, რომ იციან, დანაშაულს სჩადიან, იციან და ეს არის მთელი უბედურება. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. რომელი მოსამართლეც მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას, სასტიკად დაისჯება“, - განაცხადა დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ.