ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. პრემიერმა თქვა, რომ მზად არის თუნდაც ბრიუსელში ჩავიდეს და მოისმინოს არგუმენტები, რა არის პრობლემა, კანონები რატომ წარმოადგენს პრობლემას - დღემდე ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ქართველი ხალხის დასჯა იქნება.
„სამწუხაროდ, ეს შანტაჟი გრძელდება. წლებია, საქართველო ზეწოლის და შანტაჟის ქვეშ არის, ამას თავისი ახსნა აქვს, ბევრჯერ გვისაუბრია, რა დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს ქართველ ხალხს და საქართველოს აშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის ჩახსნით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. პრემიერმა თქვა, რომ მზად არის თუნდაც ბრიუსელში ჩავიდეს და მოისმინოს არგუმენტები, რა არის პრობლემა, აღნიშნული კანონები რატომ წარმოადგენს პრობლემას. დღემდე ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი, რატომ არის პრობლემა? ეს არის ზეწოლა და შანტაჟისთვის იყენებენ ვიზალიბერალიზაციის თემას…. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნება, ეს ქართველი ხალხის დასჯა იქნება. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც შენ ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს არის ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი”,- აღნიშნა კალაძემ.