კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუანდის ლიდერებმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფელიქს ჩისეკედიმ და რუანდის პრეზიდენტმა, პოლ კაგამემ დადებითად შეაფასეს შეთანხმება, რომელიც რეგიონში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. პოლ კაგამემ ტრამპს მიუკერძოებელი ლიდერი უწოდა, რომელმაც მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყო.
ლიდერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ორივე ქვეყანასთან საკუთარ შეთანხმებებს აფორმებს, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს კრიტიკულ მინერალებზე წვდომისთვის.
„ეს საოცარი დღეა, დიდი დღე აფრიკისთვის, დიდი დღე მსოფლიოსთვის და ამ ორი ქვეყნისთვის. მათ ბევრი რამ აქვთ საამაყო. ჩვენ ვაგვარებთ ომს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ ბევრი დრო დაუთმეს ერთმანეთის მკვლელობას და ახლა ისინი დიდ დროს დახარჯავენ ჩახუტებაში და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური უპირატესობის გამოყენებაში, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ეკონომიკური კეთილდღეობის ჩარჩოს, ასევე, შესაძლებლობებს ქმნის აშშ-სთვის.