ევროპის რამდენიმე ქვეყანა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას ადასტურებს.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ის განცხადებით, ბერლინი მიესალმება ევროვიზიის კონკურსზე ახალი ზომების დაწესებას და კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.
კონკურსში მონაწილეობას ადასტურებს ფინეთიც. ფინურმა მაუწყებელმა, „ულემ“ განაცხადა, რომ ევროპის სამაუწყებლო კავშირის ახალ რეგულაციებს იზიარებს.
კონკურსში მონაწილეობა დაადასტურა ნორვეგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. NRK-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოიკოტში არ მონაწილეობს.
დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, DR-მა სექტემბერში განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონკურსს, როგორც ევროპულ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ერებს აერთიანებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, შვედეთის SVT-ს ჯერ არ დაუფიქსირებია პოზიცია, მაგრამ მისმა პროგრამების დირექტორმა, მიხაელ ოსტერლუნდმა მხარი დაუჭირა ევროპის სამაუწყებლო კავშირის ახალ ზომებს.
რაც შეეხება ისლანდიას, ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, RUV-მა განაცხადა, რომ საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს.
ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ მომავალ წელს ევროვიზიის კონკურსს, მას შემდეგ, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირმა განაცხადა, რომ ისრაელს კონკურსში მონაწილეობის უფლება მიეცემა. ევროვიზიის კონკურსს დადასტურებულად ოთხი ქვეყანა – ირლანდია, ესპანეთი, ნიდერლანდები და სლოვენია უცხადებს ბოიკოტს.