სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მამუკა ხაზარაძის სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი - მამუკა ხაზარაძე კვლავ პატიმრობაში რჩება,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავის ჰქონია მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო „ივანიშვილის მოთხოვნიდან რაიმე გადახვევას გააკეთებდა“.
„ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამუკა ხაზარაძე. ერთი საათიც არ არის გასული, რაც ჩაგვბარდა სასამართლოს სამარცხვინო განაჩენი, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება. თურმე, სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მამუკა ხაზარაძის სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში რჩება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ხაზარაძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. დიახ, მამუკა ხაზარაძე შეგნებულად არ გამოცხადდა წულუკიანის დაძახილზე, თუმცა არ ჩაუდენია 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან სახეზე არ არის მისი შემადგენლობა.
გარდა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია არ არის კომისია, ის შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ამას გარდა სახეზე გვაქვს ფორმალური სამართლებრივი დარღვევები. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევა, კანონმდებლობის დარღვევა. კონსტიტუციის მიხედვით, საგამოძიებო კომისიაში ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციური შემადგენლობა. დიახ, „ქართულმა ოცნებამ“, თავის შემადგენლობიდან რაღაც ჯგუფს დაარქვა ოპოზიცია, მაგრამ ამას გარდა გახარიას პარტიისთვის იყო 2 წევრიანი კვოტა, რაც ამ პარტიამ არ აითვისა. დარღვეულია ასევე ამ ე.წ. კომისიითვე დებულების მოთხოვნები, როგორ უნდა იქნეს დაბარებული პირი, ვინ უნდა მოაწეროს ოქმს ხელი და ასე შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვერ გაბედა ამ საქმეზე მთავარი მოწმეების დაბარება. ეს გახლავთ, წულუკიანი და მისი ამფსონები ე.წ. კომისიაში. ეს ყველაფერი სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია. როდესაც საქმე ეხება 349-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მანამდე არავინ საქართველოში მსჯავრდადებული არ ყოფილა, საქმე გვაქვს პრეცედენტთან. პრეცედენტულ საქმეებზე კი ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო განხილვები როგორც სააპელაციო, ისე უზენაეს სასამართლოში არის დაუშვებელი. არავის ჰქონია მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ივანიშვილის მოთხოვნიდან რაიმე გადახვევას გააკეთებდა, თუმცა, მივდევთ ამ საქმეს ბოლომდე მათ შორის, უზენაეს სასამართლოში, რათა შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის და სტრასბურგის სასამართლო დაადგენს სიმართლეს ამ საქმეზე“,-აღნიშნა სიორიძემ.